ხუთშაბათი, 11.21.2024, 10:54 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ეკლესიის როლი დღევანდელ საქართველოში
8:07 PM
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ეკლესიის როლი დღევანდელ საქართველოში
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ეკლესიის როლი დღევანდელ საქართველოში
ეკლესია მისტიური სხეულია ქრისტესი. ცოცხალი ღმერთის საუფლოა სამყაროში. სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისი როლი განსაკუთრებულია ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

ეკლესიის დაარსება იყო ის უმთავრესი საქმე, რაც განკაცებულმა ღმერთმა ამქვეყნად აღასრულა. რამეთუ სწორედ ეკლესიის მიერ ხდება ადამიანის ზეცად აღყვანება, ანუ განღმრთობა; ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება თუ რა როლი აქვს ეკლესიას საერთოდ და კერძოდ, საქართველოში. ეკლესია მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს განღმრთობისაკენ ანუ ცხონებისაკენ.

სხვა საკითხია, რომ ეს საკითხი გარკვეულ, რეალურ, ისტორიულ გარემოში ხორციელდება. ბუნებრივიცაა, ეკლესია ხომ ადამიანისთვის დააარსა ქრისტემ და ადამიანის გარეშე არ არსებობს; ეკლესია მოწოდებულია თავის წიაღში შეიყვანოს და გადარჩენის გზაზე დააყენოს დღევანდელი საქართველოს ყოველი მცხოვრები, რომელთა უმრავლესობასაც ელემენტარული წარმოდგენაც არ გააჩნია ქრისტიანობის შესახებ. მიუხედავად ერის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გამოცდილებისა, სამწუხაროდ, კვლავ დღის წესრიგშია ევანგელიზაცია, ანუ სახარების კვლავ ქადაგება დღევანდელ საქართველოში. ერის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა გვწამს ქრისტიანებს, თუ რისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანობა, თუ რომელია ქრისტეს მცნებები; რომ ქრისტიანობა ცხოვრების გარკვეულ წესს გულისხმობს და არა მხოლოდ ნათლისღებას, ხოლო ეკლესიურობა არ დაიყვანება ტაძარში სანთლის დანთებამდე; ხალხმა ისიც არ იცის, თუ რას წარმოადგენს მღვდლობის ინსტიტუტი და ვერც იმას ხვდება თუ რატომ არ არსებობს ქრისტიანობა ეკლესიის გარეშე...

ქრისტიანობა ძალადობით არავის ექადაგება. წმიდა ეკლესია მუდმივად მოწმობს ჭეშმარიტებას და თითოეული ჩვენგანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული - ავირჩევთ თუ არა ჭეშმარიტების გზას. ღვთის მცნებებით ვიცხოვრებთ თუ განვეშორებით უფალს.

საქართველო ხომ ტრადიციულად იყო ჭეშმარიტების მატარებელი ერი. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ჭეშმარიტებას და სწორედ ეს იყო მისი, როგორც ერის უმთავრესი ფუნქცია და მისია, ამას ეწირებოდნენ ქართველი ერის საუკეთესო შვილები. ეს და ფუნქცია საქართველოს არ წართმევია. იგი დღესაც მოვალეა აღასრულოს ეს მისია და ამ ვალდებულების გამო, სანამ არ დაიწყებს ამ მისიის კვლავ აღსრულებას, ფეხზე ვერ წამოდგება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დიდი მეფის წმიდა ვახტანგ გორგასლის ანდერძი: „ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის"; ანუ უბრალოდ კი არ განვამტკიცებდეთ ქრისტეს სჯულს, არამედ მზად ვიყოთ თავგანწირვისთვის. ქრისტესთვის მოწამეობაშია საქართველოს არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური, გნებავთ პოლიტიკური გადარჩენაც. და თუ ერს სურს ამ დუხჭირი ყოფიდან გამოსვლა, თუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სურს გადარჩენა, მან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ეკლესიასთან ყველა სფეროში: აღზრდა-განათლებაში, კულტურაში, მედიცინაში, სამხედრო სფეროში და პოლიტიკაშიც.

როგორც ქრისტემ იწინასწარმეტყველა, არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას დაამარცხებს. უფლის მიერ დაფუძნებული წმიდა ეკლესია მეორედ მოსვლამდე იარსებებს; ამიტომ თუ ერი ეკლესიური მადლმოსილებით აღიბეჭდება, მაშინ საქართველო არათუ გადარჩება, არამედ გაბრწყინდება კიდეც, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.

ჟურნალი „საყდარი", № 1, 2002 წ.
წყარო: www.orthodoxy.ge
კატეგორია: ქადაგებები | ნანახია: 1000 | დაამატა: goga | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა