მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » განსაცდელის ჟამი 33 წლის ასაკში
2:58 PM განსაცდელის ჟამი 33 წლის ასაკში |
ადამიანებს
ცოდვის ჩადენა გვიადვილდება, მისი მონანიება კი გვიჭირს. სინანულის
გრძნობა – ეს ნიჭია, რომელიც ადამიანმა თავის თავში უნდა აღმოაჩინოს და
განავითაროს. მოძღვართან მუდმივი კონტაქტის შედეგად ვსწავლობთ, რა არის
საჭირო გადარჩენისთვის და რა არის დამღუპველი ჩვენი სულისთვის. შეიძლება
უმნიშვნელო დეტალმაც კი, რომელსაც დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ და
მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, დიდ სულიერ ცოდვაში ჩაგვაგდოს. ამ თემებზე
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე)
გვესაუბრება.
–
მამაო, საეკლესიო სწავლებით, ძველი ცოდვების გახსენება არ შეიძლება, ასეთ
დროს ადამიანი უარეს ცოდვაში ვარდება. აგვიხსენით, თუ შეიძლება, რას
ნიშნავს ეს?
– ჩვენ
უნდა შევზღუდოთ ჩვენი გრძნობები, მეტყველებაც კი. მარტო მეტყველებით, ენით
ადამიანი იმდენ ცოდვას ჩადის, რომ დასაღუპად წირავს თავს. ეს ეხება
მახსოვრობასაც. ზოგჯერ გავიხსენებთ, გონებაში ამოგვიტივტივდება ძველი
ცოდვები და ამის გამო უარეს ცოდვაში ვვარდებით. აღარ არის საჭირო იმ
ცოდვების გახსენება, რომლებიც აღსარებაში ვთქვით და მოვინანიეთ. უნდა
ვერიდოთ გულის ამღვრევას. ზოგჯერ უმნიშვნელო პრობლემამ შეიძლება
წონასწორობა დაგვაკარგვინოს, ჩვენში რაღაც ძრწოლა, ნერვიულობა გამოიწვიოს.
ამიტომ უნდა ვეცადოთ, არანაირი ბოროტება და ცუდი მოგონება არ შემოვუშვათ
ჩვენს გულებამდე. ეშმაკი იმდენად ჩახლართულ ხერხებს იყენებს ადამიანის
საცდუნებლად, რომ წმინდა მამები გვირჩევენ, ვიყოთ ფხიზლად და დიდი
სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ცოდვილი მდგომარეობა ადამიანის ბუნების ანომალიაა.
იგი ღვთის სამართლიან რისხვას იწვევს. თუმცა ღვთის ნება, ღვთის სამართალი
არ არის მეტისმეტად მკაცრი. მაშინაც კი, როცა ის ადამიანს მისი ცოდვების
დამსჯელად ევლინება, ღმერთი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით მოქმედებს. ერთი
ადამიანის, ადამის შეცოდების გამო ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ცოდვის
შედეგად კი – სიკვდილი. ეს გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ
შესცოდა. თუ ერთის დანაშაულით ყველას დაედო მსჯავრი, ასევე ერთის
სამართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
– მამაო, ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ სხვისი შენდობის გრძნობა არ აქვს. რას ეტყვით მათ?
–
არა განსაჯო, არამედ შეუნდეო, გვეუბნება უფალი. ამქვეყნად შეუმცდარი
არავინ არის და თუ ჩვენ არ შევუნდობთ ადამიანებს, არ მივცემთ მონანიების
საშუალებას, არ დავუტოვებთ უკან დასახევ გზას, როცა ჩვენ თავად
დაგვჭირდება უკან დახევა, დახმარების ნაცვლად უფსკრულში გადავიჩეხებით.
ამიტომ არის აუცილებელი შენდობის გრძნობა, რომელიც თითქოს ორმხრივად
წვეტიანი მახვილია – თუ არ შეუნდობ, შენც დაიჭრები. ამიტომ, გვახსოვდეს –
შევუნდოთ, რომ ჩვენც შეგვინდოს უფალმა. როგორ შეიძლება ქრისტიანი იყო და
შენდობის გრძნობა არ გქონდეს? როგორც ჩანს, ასეთ ადამიანს კიდევ არ სჯერა
უფლის, რომელიც გვასწავლის, შეუნდე და აპატიეო. ქრისტეს სიტყვა უმაღლესი
ჭეშმარიტებაა. თუ ქრისტესი არ გვჯერა, სხვისას როგორ დავიჯერებთ? ჭეშმარიტ
ქრისტიანს პატიების გრძნობა უნდა ჰქონდეს. წმინდა მამები – ანტონი დიდი,
მაკარი დიდი, არსენი დიდი და სხვები, რომლებიც უდაბნოებში მოღვაწეობდნენ,
მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ტიროდნენ და შეინანებდნენ საკუთარ
ცოდევებს. მათ მარადიული სასუფევლის სასოება ჰქონდათ. მაცხოვრის სიტყვებით
რომ ვთქვათ, "ნეტარ არიან მგლოვიარენი გულითა, რამეთუ იგინი
ნუგეშინისცემულ იყვნენ". ანუ ნეტარ არიან მგლოვიარენი გულითა და არა –
მხიარულნი, გართობისა და ჭამა –სმის მოყვარულნი, რომლებმაც არ იციან,
რომ შეიძლება მომავალში იტირონ. ჩვენც უნდა ვიტიროთ ჩვენი ცოდვების გამო,
რათა მოგვეტევოს, მაგრამ არ არის საკმარისის მარტო საკუთარი ცოდვების გამო
ტირილი და წუხილი. საჭიროა სხვასაც მივუტევოთ შეცოდებანი. ამპარტავანს
ღმერთი ცოდვებს არ შეუნდობს.
– მამაო, აღსარებას ვამბობთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ იგივე ცოდვა კვლავ ჩავიდინოთ. როგორ დავაღწიოთ თავი ამ წრეს?
–
სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი ერთსა და იმავე ცოდვას ჩადის, შემდეგ კი
ნანობს. ასეთ სინანულს ჯეროვანი ძალა არ აქვს. ამგვარად "მონანიე"
ადამიანს ან ღმერთი არ უყვარს, ან რაღაც ბოროტებას მალავს. ეს უნაყოფო
სინანული მასვე ანადგურებს. თუ ნანობ, უნდა განახლდე კიდეც, შეიმოსო ახალი
სამოსით. თუ არ ნანობ, უნდა აღიარო, რომ მცირედმორწმუნე ხარ. როდესაც
ერთსა და იმავე ცოდვას ღეჭავ, მართალია, გაზიარებენ, მაგრამ ჭეშმარიტებას
მაინც ვერ ეზიარები. უფალი შენში არ შემოვა. ქრისტიანმა სწორად უნდა
განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის
მიმართ. სწორედ ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის წინაშე ვცოდავთ. ჩვენ
უნდა გავარჩიოთ, რომელი ცოდვა ვის წინაშე ჩავიდინეთ და ამის მიხედვით უნდა
ვთქვათ აღსარებაშიც. არის ცოდვები, რომელთა მონანიებაც შეიძლება და არის
ცოდვები, რომლებიც, სამწუხაროდ, შეუქცევადია. სახარებაში უფალი ამბობს,
რომ ადამიანებს ყველა ცოდვა მიეტევებათ, გარდა სულიწმინდის გმობისა. ვინც
აუგს იტყვის ქრისტეზე, მას მიეტევება, მაგრამ სულიწმინდის აუგი ადამიანებს
არც ამ სოფელში და არც იმ სოფელში მიეტევებათ.
– ადამიანებს ხშირად უდგებათ განსაცდელის ჟამი. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როგორ გავძლიერდეთ?
–
ადამიანი ზოგჯერ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება და როცა ძალიან
გაუჭირდება, ღმერთს იხსენებს, მისი შეწევნის იმედი უჩნდება. ასეთ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავის წინ მხოლოდ სიბნელეს ხედავს, მაგრამ
შორიდან მაინც უნათებს იმედის ნაპერწკალი. ასეთი რამ ყველას ცხოვრებაში
ხდება. ეს განსაცდელი, ეს სულიერი სიბნელე ჩვენი გასავლელია. ჩვენ
მაგივრად სხვა ვერ გაივლის, ვერ გადალახავს მას. ხშირად განსაცდელი მაშინ
შეგვემთხვევა, ცოდვაში მაშინ ვვარდებით, როცა ის–ისაა, ღმერთს უნდა
მივუახლოვდეთ. ხშირად ასეთი რამ ქრისტეს ასაკში (33 წელი იგულისხმება)
ხდება ხოლმე, თუმცა შეიძლება ზოგს უფრო გვიან ან უფრო ადრე დაუდგეს
განსაცდელების ჟამი. 33 წელი უფრო ორიენტაციისთვის არის აღებული. ასეთი
განსაცდელის ჟამს ადამიანმა უნდა დიდჰყოს ღმერთი, ილოცოს და შესთხოვოს მას
შველა. ღმერთი მოწყალეა და გვეუბნება: "ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ,
ირეკდით და განგეღოთ თქვენ". ჩვენც არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა
დაგვეზაროს ხვეწნა–მუდარა.
|
კატეგორია: სტატიები |
ნანახია: 1020 |
დაამატა: goga
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|