მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » ღვთის ნების გარეშე, ადამიანს თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება
11:08 PM ღვთის ნების გარეშე, ადამიანს თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება |
შეკითხვებს
პასუხობს რუის–ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, ქარელის რაიონის სოფელ
კეხიჯვარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გაბრიელ
ჩადუნელი.
– მამაო, შეიძლება რომ შვილის ნათლობას მშობელიც დაესწროს?
–
გავრცელებულია აზრი, რომ ნათლისღების საიდუმლოზე მშობლების დასწრება არ
შეიძლება. ეს შეხედულება მცდარია, როდესაც ჩვილს მეორმოცე დღეზე ადრე
ნათლავენ, ამ დროს დედას ეკრძალება ეკლესიაში შესვლა, იმ უბრალო მიზეზის
გამო, რომ ის იმყოფება უწმინდურ მდგომარეობაში. მაგრამ თუ ყრმას მეორმოცე
დღეს მოვნათლავთ, მაშინ დედას მოძღვარი სპეციალურ, განწმენდის ლოცვას
წაუკითხავს, რომლის შემდეგაც ის სიხარულით ესწრება საკუთარი შვილის
ნათლობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს სრული უფლება აქვთ დაესწრონ
ნათლისღების საიდუმლოს.
– როგორ უყურებს ეკლესია გამოთქმას, არცოდნა არცოდვაა, საჭიროა თუ არა ამ მიზეზით ჩადენილი ცოდვის მონანიება?
–
ეკლესია ამ აზრს არ იზიარებს. ადამიანი ვალდებულია იცოდეს, მას აქვს
სათანადო ცოდნის მიღების საშუალება და არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც
ორმაგად იგდებს ცოდვაში თავს. ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის
გამო, უნდა მოვინანიოთ.
–
ქორწინების ბეჭედს საქართველოში მეუღლეები მარჯვენა ხელზე ატარებენ,
საზღვარგარეთ კი – მარცხენაზე. რატომ განსხვავდება და რა დატვირთვა აქვს
ქორწინების ბეჭედს?
–
მარჯვენა და მარცხენა ხელზე საქორწინო ბეჭდის ტარება უბრალო ტრადიციაა და
ამას არა აქვს რაიმე დოგმატური მნიშვნელობა, რაც შეეხება საქორწინო ბეჭდის
დანიშნულებას, ბეჭდით ხდება მეუღლეების დაწინდვა ჯვრისწერის დროს და ის
ერთგულების სიმბოლოა.
– უნდა გავწიოთ ცხოვრებაში რისკი, თუ უნდა დავიცვათ თავი ნაადრევი სიკვდილისაგან?
–
თუ უფლისაგან არ არის გამოგზავნილი სიკვდილი და თუ ჩვენი სიკვდილი არაფერს
არგებს არც სარწმუნოებას, არც ეკლესიას, არც სამშობლოს და არც მოყვასს,
მაშინ განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალი რომელსაც "არ სთნდა მოკვდინება
ცოდვილისა", მოინდომებს უდროო სიკვდილს კაცისას? წმ.მამა ათანასე დიდი
არაერთხელ გაექცა მდევნელებს, რომელთაც მისი მოკვლა სურდათ.Åთვით უფალმა
დაუბარა თავის მოწაფეებს, რომ უდროოდ არ ჩაეგდოთ განსაცდელში თავიანთი
სიცოცხლე და დენილობისას გადასულიყვნენ ერთი ქალაქიდან მეორეში. აქედან
გამომდინარე, ადამიანი უნდა ცდილობდეს, გაუფრთხილდეს ღვთისგან ბოძებულ
სიცოცხლეს და მოერიდოს რისკს, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას მის
სიცოცხლეს.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განსაცდელში, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ?
–
სასოწარკვეთა უმძიმესი ცოდვაა, რადგან ამ დროს ადამიანი ღვთის რწმენას
კარგავს და გმობს მას. ამიტომ არის, რომ სასოწაკვეთაში მყოფი ადამიანები
ხშირად თვითმკვლელობამდეც მიდიან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ილოცეთ და უფალს
სთხოვეთ შემწეობა. ღვთის ნების გარეშე ადამიანს თმის ერთი ღერიც არ
ჩამოუვარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი განსაცდელის საშველიც
უფალია. არასოდეს ადამიანს არ ექნება ისეთი მძიმე განსაცდელი, რისი
გადალახვაც მის სულს არ შეუძლია.
– არსებობს აზრი, რომ ჩვილი ბავშვის ხშირად ზიარება არ არის აუცილებელი, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
–
ეს მოსაზრება არასწორია. პატარების ზიარება აუცილებელია, ამგვარად უფლის
მადლი გადმოდის, რაც მათი სხეულისა და სულის საკურნებელია. ნაზიარები
პატარა დაცულია ყოველგვარი ბოროტებისაგან. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში
მიღებული შთაბეჭდილება ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია, რათა მან
მომავალში ცხოვრების წესად გაიხადოს ეკლესიურობა.
– როდის არ ჩაითვლება ტყუილის თქმა ცოდვად?
–
ტყუილის თქმა, მნიშვნელობა არა აქვს მცირეა ტყუილი თუ დიდი, ყოველთვის
ცოდვაა. მაგრამ, როდესაც იცი, რომ შენ მიერ ნათქვამ სიმართლეს შესაძლოა
ცუდი შედეგები მოჰყვეს და გსურთ, თქვენს მოყვასს გაუფრთხილდეთ და ააცილოთ
სიმართლით გამოწვეული გულისტკივილი, ნურაფერს ეტყვით, არაფრის თქმა
მოტყუებას არ ნიშნავს.
|
კატეგორია: სტატიები |
ნანახია: 1131 |
დაამატა: goga
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|