ხუთშაბათი, 11.21.2024, 10:32 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » გოგონა მამა სოკრატეს ლოცვამ განკურნა
8:51 PM
გოგონა მამა სოკრატეს ლოცვამ განკურნა
გოგონა მამა სოკრატეს ლოცვამ განკურნა

უფალს ყოველთვის ჰყავს თავისი რჩეულები, რომელთა ხელითაც სასწაულები აღესრულება, განკურნებები ხდება. ერთ–ერთ ასეთ გამორჩეულ ღვთისმსახურად მრევლი და ისინიც, ვინც არცთუ ეკლესიურად ცხოვრობს, არქიმანდრიტ მამა სოკრატეს მიიჩნევენ. მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი განკურნა და ჭეშმარიტების გზაზე დააყენა.

ორი წლის წინ ავადმყოფი გოგონას დედა, მარიამ ვიბლიანი, მამა სოკრატესთან უდიდესი გასაჭირით მივიდა. მისი ერთადერთი გოგონა, ბარბარე, იშვიათი დაავადებით – ცელიაკიათი იტანჯებოდა. ამ დაავადების წინაშე დღევანდელი მედიცინა უძლურია. ცელიაკია განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მამა სოკრატემ პატარა ბარბარე დალოცა, უსუპით სახეში ნაკურთხი წყალი ასხურა. სასწაულიც იმ დღესვე მოხდა...

ახლა ბარბარე უკვე 6 წლისაა. ის ტაძარში იზრდება. არაჩვეულებრივად, წკრიალა ხმით გალობს. თითქმის ყველა ლოცვა ზეპირად იცის. დედამისი თვლის, რომ უფალმა განსაცდელი მას მოსაქცევად მოუვლინა. ბარბარეს სასწაულებრივ განკურნებაზე "სარკის" მკითხველებს ქალბატონმა მარიამმა უამბო.



– ქალბატონო მარიამ, როდის გახდა ბარბარე ავად?

– ბარბარე 2004 წლის 7 აპრილს, ხარებადღეს დაიბადა. სრულიად ჯანმრთელი იყო. არაფერი აწუხებდა. 2 წლის და 2 თვის იყო, როცა ავად გახდა. ფაღარათით დაეწყო. ექიმები დიაგნოზის დასმას 7 თვის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. თავიდან დისბაქტერიოზი ეგონათ და არასწორი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. ექიმიდან ექიმთან დამყავდა. თბილისში კლინიკა არ დაგვიტოვებია, რომ არ მიგვეყვანა და არ გვემკურნალა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ბოლოს ექიმმა მანანა დიასამიძემ შეიტანა ეჭვი ცელიაკიაზე. მითხრა, ამ დაავადებას ძალიან ჰგავს, იაშვილის კლინიკაში დიაგნოსტიკის ცენტრში წადით და გამოკვლევა ჩაუტარეთო. ექიმის ვარაუდი დადასტურდა. ბარბარეს ცელიაკიას დიაგნოზი დაუსვეს. მერე უკვე დაგვინიშნეს დიეტა.

– სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა?

– ბარბარეს კუჭ–ნაწლავის ფლორა ისე იყო დარღვეული, რომ საკვებს ვერ ამუშავებდა. საჭმელს რომ შეჭამდა, ვეღარ ინელებდა... ეს ჩვენს ცხოვრებაში საშინელი პერიოდი იყო. ეს დაავადება ძალიან იშვიათია. შედეგიც მძიმეა. ზოგი ბავშვი ვერ ვითარდება, გონებრივად შეზღუდულები არიან, ზოგი სიმაღლეში არ იზრდება, კიდურები არ უვითარდებათ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ დაავადება არ იკურნება. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი მკაცრი დიეტაა. პურის ჭამა სასტიკად ეკრძალებათ. ბარბარეს პურის ნამცეციც რომ ეჭამა, ცუდად გახდებოდა. მისთვის პური, როგორც შხამი, ისე მოქმედებდა.

– პირველი სასწაული როდის იხილეთ?

– როცა უფლის სახლში, მამა სოკრატესთან მივედით. მან ბარბარე დალოცა, ჯანმრთელობის პარაკლისი წაუკითხა და პირში უსუპით ნაკურთხი წყალი ასხურა. იქიდან რომ წამოვედით, სანამ ავტობუსის გაჩერებამდე მივიდოდით, ბარბარემ სლოკინი დაიწყო. მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. უდიდესი რწმენით ავივსე. სახლში რომ მივედი, ბარბარეს შემწვარი კარტოფილი ვაჭამე. მანამდე შემწვარი არანაირი საკვები არ უჭამია. წიწაბურაზე, ღომსა და მჭადზე გვყავდა. მხოლოდ მცენარეული საკვები ეჭმეოდა, მაგრამ ნაწლავის ფლორა იმდენად ჰქონდა დარღვეული, რომ იმასაც ვერ ინელებდა. აქედან გამომდინარე, ჰემოგლობინის ათვისებაც არ ხდებოდა.

– კარტოფილი რატომ აჭამეთ?

– უკვე გითხარით, რომ მამა სოკრატესგან რომ წამოვედი, უდიდესი რწმენით ავივსე. მივხვდი, რომ ჩვენ სასიკეთოდ რაღაც მოხდა. სახლში ისეთ გუნებაზე დავდექი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ნეტა, გენახათ, ბავშვი შემწვარ კარტოფილს როგორი დახარბებული ჭამდა!

– როგორ მოინელა?

– ჩვეულებრივად, მუცელი არ გაბერვია. გაოცებული ვუყურებდი.

– მანამდე, სანამ ეს სასწაული მოხდებოდა, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდით?

– საუბედუროდ, არა. ჩემი შვილის ავადმყოფობა იყო ღვთის სამადლობელი და ჩემი მოსაქცევი. არაეკლესიურად ვცხოვრობდი. ტაძარში იშვიათად სანთლის დასანთებად შევდიოდი. 38 წელი არასწორი ცხოვრებით ვიცხოვრე. მადლობა უფალს, რომ ეკლესიის კართან მიგვიყვანა. აქვე მინდა, მეტეხის ტაძრის წინამძღვარ მამა აკაკიზე ვთქვა. მას რაც შეეძლო, ჩემი შვილისთვის ყველაფერი გააკეთა. დიდი მადლობა მას ამისთვის. უკვე ვიცი, რომ უფალს უნდა ვმადლობდე ყველაფრისთვის.

– როდიდან დაიწყო გამოჯანმრთელება ბარბარემ?

– პირველივე დალოცვიდან. მამა სოკრატესთან მეორედ რომ მივიყვანე, მოვუყევი, ბარბარემ შემწვარი კარტოფილი შეჭამა–მეთქი. მამა სოკრატემ პურსა და ძეხვს პირჯვარი გადასწერა და მისმა მომვლელმა, ქალბატონმა ნათელამ, ბარბარეს აჭამა. ისე ავნერვიულდი, ხელები ამიკანკალდა. ორწელიწადნახევრის განმავლობაში ბარბარეს ერთი ნამცეცი პურიც კი არ ჰქონდა ნაჭამი. ვიფიქრე, ვაიმე, ჩემს შვილს რომ პურს აჭმევენ, რა დაემართება–მეთქი. აკანკალებული ხელები რომ არ შეემჩნიათ, უკან წავიღე, დავმალე. ბავშვს ვეღარც ვუყურებდი. ვერ წარმომედგინა, პურს თუ მოინელებდა.

– ყველაფერი კარგად დასრულდა?

– რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და მამა სოკრატეს ლოცვით ყველაფერი კარგად დასრულდა. ბავშვმა თანდათან დაიწყო გამოჯანმრთელება. ახლა ჩვეულებრივად იკვებება. თავადაც ხედავთ, რომ კარგად არის. თავის ასაკთან შედარებით გონებრივად მეტად განვითარებულია.

– ბარბარეს გალობასა და ლოცვებს თავადაც მოვუსმინე. ტაძარში ყოველდღე მოგყავთ?

– უკვე ორი წელია, აქ, მამა სოკრატესთან იზრდება. ხშირად ღამეც აქ რჩება. არ ვიცი, მამა სოკრატეზე რა უნდა ვთქვა. მასზე სალაპარაკო იმდენად ბევრია, რომ არ ვიცი, რომელი ერთი უნდა ვთქვა. მისი ხელით უამრავი სასწაული აღესრულება. არაერთი სასწაულის აღსრულების მომსწრე თავად ვარ. მისი ლოცვით უამრავი ადამიანი გადარჩა.

– ბარბარემ მითხრა, ჯერ უფალი მიყვარს, მერე მამა სოკრატეო.

– კი, ასე ამბობს, ჯერ მამა სოკრატე მიყვარს და მერე შენო. ამას რომ ამბობს, ძალიან მიხარია. ბარბარესა და მამა სოკრატეს შორის უდიდესი სიყვარულია. მამა სოკრატე ბევრ ბავშვს შეეწია და მოარჩინა. ვისაც ჩემი შვილი უნახავს, რა დღეში იყო, ამ სასწაულით ყველა გაოგნებულია. ბარბარე ხარებადღეს, ოთხშაბათს დაიბადა. ოთხშაბათი ღვთისმშობლის დღეა. შემთხვევით არაფერი ხდება. უფალმა აქამდე მოგვიყვანა...

ბარბარე გალობს, ლოცულობს, თითქმის ყველა ტროპარი ზეპირად იცის. ერთხელ სახლში ჩემი მამიდაშვილი გვესტუმრა. ბარბარეს კარნახი არ სჭირდება, რა უნდა გააკეთოს. მან ძილის წინ ილოცა, "მამაო ჩვენო" თქვა. ამასობაში მე ჩამეძინა. ჩემმა მამიდაშვილმა მეორე დღეს მითხრა, ბარბარე დაწვა და თვალებდახუჭული რაღაცას ჩურჩულებდა. მივაყურადე, მაინტერესებდა, რას ამბობდაო. თურმე ლოცულობდა, უფალო, ყველა გაჭირვებულს შეეწიე, ყველა ავადმყოფს უშველეო. უფალს თვალდახუჭული ავედრებდა ადამიანებს.

ირინე მჭედლიძე
sana.ge
კატეგორია: სასწაულები | ნანახია: 2960 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ეკა ლიჩელი  
0
გთხოვთ დამეხმაროთ სად შეიძლება მამა სოკრატეს ნახვა, რომელ ტაძარში მოღვაწეობს

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა