ხუთშაბათი, 11.21.2024, 6:23 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » ხატწერა ღმრთისმსახურებაა და არა – ხელოვნება
3:03 PM
ხატწერა ღმრთისმსახურებაა და არა – ხელოვნება
ხატწერა ღმრთისმსახურებაა და არა – ხელოვნება

თამარ გითოლენდია ბავშვობიდან ხატავს. სწავლაც სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, სურდა, დიზაინერის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ ბოლო კურსზე ყოფნისას, სრულიად მოულოდნელად, ხატწერის შესწავლა გადაწყვიტა და მისი სამოღვაწეო არჩევანიც მალევე გადაწყდა. მე–3 წელია, რაც ხატებზე მუშაობს და ამ წმინდა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

თამარ გითოლენდია:

– დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია, კომპიუტერული გრაფიკის სპეციალობით. თავიდან დიზაინერობა მინდოდა, ვსწავლობდი კიდეც ამ პროფესიას, მაგრამ ბოლომდე გარკვეული მაინც არ ვიყავი, რა მიმართულებით ჩამოვყალიბდებოდი. სკოლის პერიოდიდანვე მაინტერესებდა ხატწერა. ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებდი ხატებს, მაგრამ არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე მეც დავწერდი. სასწავლებელს რომ ვამთავრებდი, მე–4 კურსზე, გამიჩნდა სურვილი, ხატწერა მეცადა. ძლივს ვკითხე ჩემს მოძღვარს, მამა გიორგის (სხირტლაძე) ამის შესახებ. მამაოს რომ გავესაუბრე, მომცა კურთხევა სცადეო. წესით დიზაინერი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ დავიწყე ხატწერა, რაც გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. ხატწერაში, საერო მხატვრობისგან განსხვავებით, ცოტა ფერებია და თანაც ძალიან მსუბუქი. არ მეგონა, თუ დამაინტერესებდა, მაგრამ დავიწყე და ძალიან შევყევი. მეტ დროს უკვე ხატვას კი არა, ხატწერას ვუთმობდი. ვკითხულობდი ხატწერის ისტორიის შესახებაც. მეოთხე კურსზე, როდესაც, წესით, ჩემს პროფესიაზე უნდა მეფიქრა, ხატწერა დავიწყე და სრულიად შეიცვალა ჩემი პროფესიული მიმართულება. გულმა ხატწერისკენ გამიწია. შემდეგ, რატომღაც მეშინოდა, მშობლები მეტყოდნენ, ამდენი ხანი რისთვის ისწავლეო. მე სულ სხვა რეაქციას რომ ველოდი, პირიქით გამიგეს, კარგი, ვცადოთო. შიგადაშიგ კი მამა მეკითხებოდა, შენ ხომ სულ სხვა რაღაც ისწავლეო და იქნებ დაუბრუნდე შენს პროფესიასო, მაგრამ მადლობა უფალს, მშობლებმა გამიგეს და ყველაფერში ხელს მიწყობენ. საღებავები ძალიან ძვირი ღირს, თუმცა, მე ამით ყოველთვის უზრუნველყოფილი ვიყავი.

– ხატწერის კანონიკას სად დაეუფლეთ?

– სკოლაში საღვთო სჯულს მასწავლიდა ბატონი ვაჟა გოგინაშვილი. ის ხატმწერიცაა. ვიცოდი, რომ ხატავდა და ხშირად ვეკითხებოდი, ვაყოლებდი, როგორ ხატავდა, ფერებს როგორ არჩევდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არასდროს მიფიქრია, რომ მეც დავიწყებდი ხატწერას. როდესაც მომინდა ხატწერის შესწავლა, მაშინვე ვაჟა მასწავლებელი გამახსენდა. მივედი მასთან და ყველაფერი მასწავლა. მისი ძალიან მადლიერი ვარ. დღემდე თუ რამე მაინტერესებს, ყოველთვის გვერდში მიდგას.

– ახლა მერამდენე ხატზე მუშაობთ?

– ახლა მე–7 ხატს ვხატავ. ხატვაში სწრაფი ვარ, მაგრამ ხატწერაში ნელი, ჭიანჭველის ნაბიჯებით მივდივარ. საერო მხატვრობას, ნებისმიერ დროს შეასრულებ, თუნდაც გაბრაზებული იყო, მაგრამ ხატწერაში ასე არაა. თუ ხასიათზე ვერ ხარ, ან გაბრაზებული ხარ რამეზე, ხატს ვერ დახატავ, თვითონ ხატი არ მიგიშვებს.

– ხატმწერისთვის რა არის აუცილებელი და თქვენ როგორ ემზადებით ხოლმე მუშაობის დაწყებისთვის?

– ხატმწერისთვის აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, მარხვა. ადამიანი, რომელიც ეკლესიაში არ დადის, ის ხატს როგორ დაწერს, ძველად, წმიდა მამები უფრო სერიოზულად ემზადებოდნენ ხატის დასაწერად, სულ მარხვაში იყვნენ. ჩვენ, უბრალო ადამიანებს ახლა იმხელა ღვაწლის ტვირთვა არ შეგვიძლია, მაგრამ შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შევიკავოთ. არსებობს ხატწერის წინა ლოცვა, რომელსაც ვკითხულობ მუშაობის დაწყების წინ. როდესაც წმიდანის ხატზე ვიწყებ მუშაობას, პირველ რიგში, მისი ცხოვრების გაცნობით, უფრო უახლოვდები იმ წმიდანს. როგორ შეიძლება ხატავდე რომელიმე წმიდანს და არ იცოდე, როგორ ცხოვრობდა, რა ღვაწლში იყო. მათი კონდაკები, დაუჯდომლები უნდა იკითხო. ახლა წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატს ვხატავ და ძალიან ხშირად ვკითხულობ მის კონდაკს. ეს უფრო მეხმარება.

– ხატვის პროცესშიც ლოცულობთ?


– კარგია, ხატვის პროცესში, თუ გონება სულ ლოცულობს. მე, მაგალითად, როცა მიჭირს რომელიმე დეტალის დახატვა, მაშინ განსაკუთრებით ვლოცულობ, ყოველთვის ვთხოვ უფალს დამეხმაროს.

– ხატწერის კანონიკა იოლად შეისწავლეთ?

– კანონიკა რთულია, მაგრამ ჩემი პედაგოგის დამსახურებაა ის, რომ ღმრთის წყალობით, ნელ–ნელა შევისწავლე.

– ხატწერა უფრო იოლია თუ საერო მხატვრობა?

– ჩვეულებრივ ნახატს რომ ხატავ, უფრო თავისუფალი ხარ. შენზეა დამოკიდებული, როგორი გამოგივა, მაგრამ ხატწერაში სულ სხვანაირადაა, აქ კანონიკაა დასაცავი. ერთი შეხედვით, თითქოს, საერო მხატვრობა უფრო რთულია, მაგრამ სინამდვილეში ჩემთვის ხატწერაა რთული. შენს ნებაზე ვერ იმუშავებ, კანონიკას უნდა დაემორჩილო და მაშინ გამოგივა კარგი.

– ხატწმერებისგან გამიგია, ზოგჯერ არის შინაგანი ბრძოლები, რის გამოც, იმ მომენტში მუშაობა შეუძლებელია. თქვენც გქონიათ ასეთი პერიოდები?

– ვფიქრობ, ბრძოლები ყველა ადამიანს აქვს და მათ შორის, მეც. მაგალითად, როცა ხასიათზე არ ვარ, რაიმე მძიმე ცოდვა ჩავიდინე, ან ვინმეზე გაბრაზებული ვარ, ვერ ვხატავ ვერანაირად, ამიტომ ცვდილობ საცდურებს ვერიდო, რადგან ვიცი, მერე ვერ დავხატავ.

– ყველაზე კარგად როდის ხატავთ?

– ზიარება, ტაძარში სიარული, ლოცვა ძალიან მეხმარება. კვირა დღეს, ნაზიარები რომ მოვდივარ, იცით, როგორ მინდა რომ ვხატო? მაგრამ კვირაობით მაინც ძალიან ცოტას ვხატავ.

– პირველად რომელი წმიდანის ხატი დახატეთ და როგორ გახსენდებათ მისი ხატვის პროცესი?

– პირველად, მასწავლებელმა მითხრა, შენ თვითონ შეარჩიე რომელ ხატს დახატავ, ოღონდ ძალიან რთული დასახატი არ იყოსო. წმიდა სიდონიას ძალიან სადა, პატარა ხატი მქონდა. ბავშვობიდანვე, რატომღაც ძალიან მიყვარს ეს წმიდანი და ვიფიქრე, მის დახატვას იოლად შევძლებდი, მაგრამ დაახლოებით, 5 თვე მოვუნდი. მაშინ მივხვდი, რომ ადვილი არ ყოფილა ხატწერა. ვიფიქრე, თუ ამას ამდენი ხანი მოვუნდი, უფრო რთული ხატებისთვის რამდენი დრო დამჭირდება–მეთქი. იმიტომ მოვუნდი დიდხანს, რომ ძალიან ბევრჯერ წავშალე. ზოგ დეტალს თავიდან ვაკეთებ, ზოგჯერ სულ შევცვლი ხოლმე, მერე და მერე ხედავ შეცდომას. უცბად ვერ ნახავ. პედაგოგიც მისწორებდა, მაშინვე კარგი არ გამოვა, საფეხურებით მიიწევ წინ და წინ. ის პირველი ხატი მინდოდა ჩემიანთან ყოფილიყო და ამიტომ ჩემს დას ვაჩუქე.

– რა განცდა ახლავს ყოველი ახალი ხატის დასრულებას?

– შემდეგ წმიდა სერაფიმ საროველის ხატზე დავიწყე მუშაობა. მისი დახატვა ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ხატი რომ დავასრულე, გამიხარდა, მოვრჩი–მეთქი, მაგრამ როდესაც მოვიდნენ მის საწაბრძანებლად და ხატი გადავეცი, სახლში ამოსულს, ისეთი სიცარიელე დამეუფლა, ცოტა გამიჭირდა. ეს ალბათ, უფრო ადამიანური განცდაა. ახლა ის ხატი მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახებში დაბრძანდება. შემდეგ რომ მითხრეს, უკვე პირველ ოჯახში მივაბრძანეთო, ის სიცარიელე ისევ შეივსო და მივხვდი, ხატი არ არის იმისთვის, მარტო შენთან იყოს, მასზე მორწმუნეებმა უნდა ილოცონ.

– მუშაობის დროს თუ ფიქრობთ ამაზე?

– ხატწერაში ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა ისაა, რომ წერ ხატს, რომელზეც მერე სხვებმა უნდა ილოცონ. როდესაც ვხატავ, ვფიქრობ, ისეთი ხატი გამოვიდეს, რომ ადამიანს მის წინაშე ლოცვა მოუნდეს.

– როგორც ხატმწერს, რა სურვილი გაქვთ?

– ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, გავძლიერდე ამ საქმეში, რასაც ხელი მოვკიდე. ბოლოს აბო თბილელის ხატი დავხატე, რომელიც წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარს შეწირეს და როდესაც ტაძარში მივდივარ, იმ ხატს პირველ რიგში ამას ვევედრები, გამაძლიეროს, რომ უფრო კარგად შევძლო ხატწერა.

– რა ემოცია გქონდათ, როდესაც თქვენი დაწერილი ხატი ტაძარში პირველად ნახეთ?


– ჩემი დაწერილი ხატი რომ პირველად ვნახე ტაძარში, იმ დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა, მაგრამ ამ მომენტმა ამპარტავნებაში არ უნდა ჩაგაგდოს.

– სულიერი მოძღვრისთვის თუ გიჩუქებიათ თქვენ მიერ შესრულებული ხატი?

– ჯერჯერობით ვერ გამოვნახე დრო, რომ ჩემი მოძღვრისთვის დავხატო, მაგრამ სულ მაქვს იდეაში, რომ მას ვაჩუქო ჩემი დაწერილი ხატი.

– უფრო როგორ ფერებს არჩევთ?

– მყვირალა ფერები არ მიყვარს, რადგან ხატი სიწმინდეა, ვცდილობ, უფრო მშვიდი ფერები გამოვიყენო.

– რომელი წმიდანის დახატვა გსურთ დიდი სურვილით?

– ძალიან მინდა წმიდა პანტელეიმონისა და მარიამ მეგვიპტელის ხატების შესრულება. ეს 2 წმიდანი განსაკუთრებულად მიყვარს. ღმრთის წყალობით, ალბათ, დავხატავ კიდეც. უბრალოდ, სულ 2–3 წელია, რაც ხატწერა დავიწყე და ჯერჯერობით, ვერ მოვასწარი.

– საერო მხატვრობას აღარ მიუბრუნდებით?

– როცა დრო მაქვს, სულ ვხატავ. ამ საქმეს ვერ შეეშვები ისე, რომ ხელი აიღო და ხატვა აღარ გაინტერესებდეს. ხატწერაში მხატვრობიდან მოვედი, მაგრამ ისე, რომ ხატწერა მივატოვო და მხატვრობაზე გადავიდე, ასეთი აზრები მართლა არ მაქვს და არც მინდა გამიჩნდეს. მაგრამ არც ის მინდა, რომ ხატვა სულ დავივიწყო, ესაც საინტერესო და საჭიროა.

– როგორ ფიქრობთ, მაინც, რა არის ხატწერა?

– სადღაც ამოვიკითხე, ერთხელ ხატმწერები დაობდნენ იმის შესახებ, არის თუ არა ხატწერა ხელოვნება? ერთ აზრზე რომ ვერ შეჯერებულან, მერე მოძღვართან მისულან და მისთვის უკითხავთ. მოძღვარს უპასუხია, რომ ხატწერა არის ღმრთისმსახურება და არა ხელოვნება. ალბათ, მნიშვნელოვანია, ხატმწერს, ეს გააზრებული ჰქონდეს, რომ თავისი საქმით უფალს ემსახურება და უფრო სერიოზულად მიუდგეს, როგორც ღვთისმსახურებას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2497 | დაამატა: goga | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა