ხუთშაბათი, 11.21.2024, 10:52 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » მომღიმარე ღვთისმშობელი" სასწაულებს ახდენს
8:56 PM
მომღიმარე ღვთისმშობელი" სასწაულებს ახდენს
"მომღიმარე ღვთისმშობელი" სასწაულებს ახდენს


ქალაქ ახალციხეში, ერთ პატარა სახლში, წლევანდელი კვირაცხოვლობის შემდეგ ხალხის ნაკადი არ წყდება. დღეში ათასობით ადამიანი მიდის მირონმდინარე ხატების – "მომღიმარე ღვთისმშობლისა" და მაცხოვარის ხელთუქმნელი ხატის – სანახავად. ოჯახი, სადაც ეს სასწაული ხდება, ხუთი წევრისაგან შედგება – თამაზ ივანიძეს და თეა გვირჯიშვილს სამი ქალიშვილი ჰყავთ. თამაზი დროებით უმუშევარია, თეა კი ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილეა.

ივანიძე–გვირჯიშვილების ოჯახში 30 მარტს ახალციხის წმინდა ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა იოანე გელაშვილმა "პანტანასას" ხატი მიაბრძანა. ცოტა ხნის შემდეგ კი იქ დასვენებულ სხვა ხატებს სისველე დაეტყოთ. ახალციხის მრევლი ამ ოჯახში სხვა სასწაულის მოწმეც გახდა – საკმეველი სამჯერ თავისით აინთო. თეამ საკმევლის ანთება ვიდეოთი გადაიღო. კადრებში, რომელიც ჩვენც გვანახა, აშკარად ჩანს მაცხოვარი, რომლის გაწვდილ ხელზეც ცეცხლი ანთია.

მამა იოანე (გელაშვილი): ერთმა ჩემმა მრევლმა "პანტანასა" – ღვისმშობლის ხატი, რომელიც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწედ ითვლება – შეიძინა და ათონის მთაზე დაბრძანებულ ორიგინალ ხატზე დაასვენა. მერე საქართველოში წამოაბრძანა და ჩვენს ტაძარს შემოსწირა. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნით და ვიფიქრეთ, იქნებ ეს ხატი ოჯახებში მორიგეობით დაგვებრძანებინა, თან სახლები გვეკურთხებინა. ათ ოჯახში მაინც გვყავდა დაბრძანებული. აღდგომა რომ მოახლოვდა, ხატს ამ ოჯახში მოუწია მობრძანება. სახლი ვაკურთხეთ, ვილოცეთ და მერე მე სააღდგომოდ იერუსალიმში წავედი. იქიდან დაბრუნებულს, კვირაცხოვლობის დღეები იყო, ეს ოჯახი რომ შემეხმიანა – ხატებს მირონი სდითო. მოვედი და ვნახე, რომ ღვთისმშობლის ხატს ყელთან და მკლავებთან ზეთისმაგვარი სითხე გასჩენოდა.

– რომელ ხატებზეა საუბარი?

– "მომღიმარე ღვთისმშობლის" ორ ხატზე. იერუსალიმში არის ხატი, რომელსაც "მომღიმარე ღვთისმშობელი" ჰქვია. რომ შეხედავ, თითქოს გიღიმის. ორი წლის წინაც ვიყავი აღდგომაზე იერუსალიმში. იქიდან ხატები, სანთლები ჩამოვიტანე და მრევლს დავურიგე. ერთ–ერთი ხატი ამ ოჯახს შეხვდა. მირონის დენამ თანდათან მოიმატა. ხალხს ვეუბნებოდით, რომ ხელი არ მოეკიდათ, მაგრამ ზოგი მაინც შეეხო, ამიტომ მირონი აიდღაბნა და დენა თითქოს შეწყდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ "მომღიმარე ღვთისმშობლის" მეორე ხატს, რომელიც ამ ოჯახში სხვამ მოაბრძანა, მირონის ნაკადი გაუჩნდა, რომელიც ორ ხაზად წამოვიდა დაბლა. ბამბა დავუდეთ, რომ მირონი ძირს არ დაღვრილიყო. ჯერჯერობით ისევ სდის.

– ეს რისი ნიშანი შეიძლება იყოს – კარგის თუ ცუდის?

– ცუდის მომასწავებელი ნამდვილად არ არის, რადგან ღვთისმშობელი საქართველოს დიდი მფარველია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ერთმანეთს უფრო დაგვაკავშიროს. სამწუხაროდ, დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული, თითქოს გავცივდით. ამით უფალი ცდილობს, დაგვაკავშიროს. ზოგი ამბობს, ჩემი თვალით თუ დავინახავ, მხოლოდ მაშინ ვირწმუნებ, რომ სასწაული არსებობსო. ამიტომაც უფალი დროდადრო ასეთ სასწაულს გვივლენს. ამით ადამიანებს აჩვენებს, რომ ის ნამდვილად არსებობს და ვისაც ეჭვი აქვს, უქარწყლდება.

უფალმა დაუშვა, ამ ოჯახში მირონი გადმოსულიყო. კარგი იქნებოდა, ასეთი რამ თითოეული ქართველის ოჯახში ხდებოდეს.

– რატომ ეკრძალებათ ადამიანებს მირონთან შეხება და როგორ აპირებთ მის გამოყენებას?

– იერუსალიმში არის ქვა, რომელზეც ჯვარცმიდან ჩამოხსნილი უფლის სხეული დაასვენეს. ეს ქვა ტაძარში დევს და იქიდან მირონი დღემდე მოედინება. ადამიანები მიდიან და იმ მირონზე ხატებს, ჯვრებს ასვენებენ, ბამბით უსვამენ ავადმყოფებს, ზოგს სახლში მიაქვს. იქ დიდი რაოდენობით მოედინება. ჩვენს ხატებს კი იმდენი არ მოსდით, რომ ყველა აქ მომსვლელს წავუსვათ. თან, გვეშინია, რომ თუ ყველა ხელს შეახებს, მირონდენა შეწყდება.

– ხატები, რომლებსაც მირონი სდით, ამ ოჯახში დარჩებიან?

– გვინდა, ეს ხატები ტაძარში, საკურთხეველში გადავაბრძანოთ, ჩარჩოებში ჩავსვათ. შაბათ–კვირას, წირვა–ლოცვის დროს, ანალოღიაზე დავასვენებთ და ყველას ექნება შესაძლებლობა, მათ ემთხვიოს, დაუჯდომლები წაუკითხოს... ოჯახი არ არის ისეთი სრულყოფილი, რომ ასეთი ხატი შეინახოს. სიწმინდეს ტაძარში უფრო მოვუვლით, ვიდრე ოჯახში. ჯერ იმიტომ არ მიგვაქვს, რომ აქ უამრავი ადამიანი მოდის და არ გვინდა, ხალხს გული დავწყვიტოთ.

თეა გვირჯიშვილი:

– როცა "პანტანასა" ჩვენს ოჯახში გადმოაბრძანეს, დაიწყო მომლოცველების მოსვლა. ერთმა მომლოცველმა შეამჩნია, რომ ჩემს "მომღიმარე ღვთისმშობლის" ხატს მირონი სდიოდა. გაოგნებული და შეშინებული ვიყავი. ამის შემდეგ უამრავი სასწაული ვიხილე ჩემს სახლში. მოვიდნენ ადამიანები და მათგან ერთმა თქვა, ვერაფრით დავიჯერებ, ქაღალდს მირონი მოსდიოდესო. უცებ შიშინის მაგვარი ხმაური გაისმა და ფიალაში ჩაწყობილ საკმეველს ცეცხლი ავარდა. მას, ვინც თქვა, როგორ შეიძლება ასე ხდებოდესო, ღმერთმა უფრო დიდი სასწაული უჩვენა.

ასეთი რამ კიდევ ორჯერ განმეორდა. მეორე დღეს, გვიან საღამოს, რამდენიმე მომლოცველი იყო და დაუჯდომლის კითხვა დავიწყეთ. უცებ ისევ შიშინი გაისმა და საკმეველს ცეცხლი ისევ თავისით წაეკიდა. ლოცვა რომ დავამთავრეთ, ცეცხლი ჩაქრა. ძალიან შევთხოვე უფალს, ერთხელ კიდევ გამეორებულიყო ასეთი სასწაული, რომ ვიდეოთი გადამეღო და ხალხისთვის მეჩვენებინა. მართლაც, მეორე დღეს, შუადღეს, დაუჯდომელის კითხვისას ისევ გავიგონე უცნაური შიშინი. მივხვდი, ცეცხლი უნდა ანთებულიყო. ვიდეოკამერა მზად მქონდა და გადავიღე, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა, თავისით როგორ ინთებოდა საკმეველი. ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ როცა კადრებს უყურებ, აშკარად ჩანს მაცხოვარი, რომელსაც ხელი აქვს გაწვდილი და ცეცხლი მის ხელისგულზე ანთია. როცა ცეცხლი ჩაქრა, ნაცარზე ჯვარი გამოისახა.

როგორც ხედავთ, უამრავი სტუმარი ხატი მყავს. ერთ–ერთ მათგანს, ბელა მოდებაძის კუთვნილ უფლის ხელთუქმნელ ხატსაც დაეწყო მირონდენა და მთლიანად მირონშია. შემდეგ, ასევე სტუმარ ხატს, ეთერ ჟუჟუნაძის კუთვნილს – ჩემი "მომღიმარე ღვთისმშობლის" ანალოგს შევამჩნიეთ მირონდენა. ამ ოთახში სამოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. კარგა ხანს არავინ განძრეულა, რადგან აინტერესებდათ, თუ მირონი იყო, როგორ დაიწყებდა სვლას. ნელ–ნელა მოეღვენთებოდა ორი ადგილიდან. ახლა კი მირონი მტრედის სახით მოედინება.

– სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობდით?

– ურწმუნოდ არ ვცხოვრობდით. მთელი ოჯახი მარხვას ვინახავთ. ჩემი პატარა, წლინახევრის შვილი უხორცო მარხვაზე მყავდა ამ აღდგომისთვის. ოჯახს ერთი მოძღვარი გვყავს, შაბათ–კვირას წირვა–ლოცვაზე დავდივართ... მოძღვრები დიდ მადლად აღიქვამენ, რაც მოხდა. ეს სასწაული მხოლოდ ჩემს ოჯახს არ აჩუქა უფალმა. საბედნიეროდ, ყველა სასწაულს, რაც ჩემს სახლში მოხდა, სხვა მომლოცველებთან ერთად შევხვდი. ახლა ლოცვა არ ჩერდება. უკვე სახლად ვეღარ აღვიქვამ, სამლოცველო მგონია. ეს ყველაფერი სასტუმრო ოთახში მოხდა. აქ მქონდა გამოყოფილი სამლოცველო კუთხე. თითქმის ყველა წმინდანის ხატი მაქვს და ყოველთვის ყველას დაუჯდომელს ვკითხულობ.

ჩვენი მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია. 10 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. სასწაულების ყოველთვის მჯეროდა და მოძღვრის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი. როცა მივხვდი, ღმერთმა რამხელა მადლის ღირსი გამხადა, ტირილ–სიცილი ამივარდა. აღარც მახსოვს, რას ვაკეთებდი. როცა საკმეველი აინთო, თურმე პირჯვარს ვიწერდი და ღმერთო, ეს რა ხდება–მეთქი, ვყვიროდი. უღირსი ოჯახი რომ მიიღებს ამხელა მადლს, ძნელია გაითავისო, რომ ეს შენს თავზე ხდება. სახლში იერუსალიმის ცეცხლი გვინთია. მამა იოანე იერუსალიმიდან რომ ჩამობრძანდა, ტაძარში მოიტანა ცეცხლი და მერე სახლში წამოვიღეთ. ჩაუქრობლად გვინთია.

"პანტანასამ" ჩვენს ქალაქში სასწაული მოახდინა. ერთ ქალს უთხრეს, რომ საშვილოსნოს ამოკვეთა სჭირდებოდა. ხატი მის ოჯახში დააბრძანეს. ამის შემდეგ ექიმთან მივიდა და უთხრეს, რომ მკურნალობას დაექვემდებარებოდა და ოპერაცია საჭირო აღარ იყო.

– ახალციხეში მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა ან გრიგორიანელი. ისინიც მოდიან მირონმდინარე ხატებთან?

– როცა მოძღვრები პარაკლისებს იხდიან, აბსოლუტურად ყველა აღმსარებლობის ადამიანი მოდის და ესწრება. ბევრი სანახავად მოდის. ერთი ზანგიც კი იყო მოსული. კათოლიკე მონაზონიც მოვიდა. მოძღვრები ყველა მათგანს აცხებენ ზეთს და ისინი სიამოვნებით იღებენ ამ მადლს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს სახლში 14 ნათლობის რიტუალი ჩატარდა და აქედან 9 არამართლმადიდებლების ოჯახებიდან იყო, სომხები და კათოლიკეები. დღეში 1500–2000 კაცი შემოდის, მთელი საქართველოდან ჩამოდიან ამ სასწაულების სანახავად. ოთხი ოთახი გვაქვს და ყველა ივსება. სტიქაროსნები აწესრიგებენ ყველაფერს.

მართალია, ძალიან დავიღალე, მაგრამ თუ კიდევ დატოვებენ ჩემს სახლში ამ ხატებს, ბედნიერი ვიქნები. რომელ ხატებსაც მირონი სდიოდა, ტაძარში უნდა გადაასვენონ. მათ გარეშე ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ვთვლი, რომ ტაძარში უკეთესად მოუვლიან. როცა ჩვენთან პირველი პარაკლისი აღევლინა, მოძღვარმა ხალხს ჯვრის სახით აცხო ზეთი. ერთ ხელთუქმნელ ხატს და ოჯახის ღვთისმშობელს შუბლზე ჯვრები გამოესახათ. ამასაც უამრავი თვითმხილველი ჰყავს. მირონმდენი ხატები ალბათ სხვაგანაც ყოფილა, მაგრამ ამდენი თანმდევი სასწაული?! ამიტომაცაა, რომ კათოლიკეები და გრიგორიანელები მართლმადიდებლებად ინათლებიან. გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 1 მაისს. ავტ. შენ.) ერთმა სომეხმა ქალბატონმა უცებ გადაწყვიტა, მართლმადიდებელი გამხდარიყო.

მოხუცი კათოლიკე ცოლ–ქმარი მოვიდნენ და ეს ყველაფერი რომ ნახეს, მითხრეს, ხვალ მოვალთ და შენ იყავი ჩვენი ნათლიაო. მოვიდნენ და გადაინათლნენ. თვითონ ითხოვენ – აქ მადლია და მოვინათლებითო.

დიდხანს ვცდილობდით, ხატებზე მირონის დენა ფოტოკამერით გადაგვეღო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ფოტოაპარატი სტიქაროსანმა გიორგი მახათაძემ გამოგვართვა და ფირზე აშკარად აღიბეჭდა "მომღიმარე ღვთისმშობლის" სახეზე თეთრი მტრედი, საიდანაც მირონი წვეთავს.
კატეგორია: სასწაულები | ნანახია: 2287 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა