ხუთშაბათი, 11.21.2024, 5:50 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი?
2:46 PM
რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი?
რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი?
ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს.

უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძლებელია დღეს კარგი მოძღვრის პოვნა, ყველა ხომ ერთნაირი არ არის? ასეთი ადამიანებისთვის პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და ამასთან, ღრმაა: თქვენ იპოვით მათ ეკლესიაში, იქ, სადაც სულიწმიდა მათ ქრიტეს ცხოვართა მწყემსად აყენებს. შესთხოვეთ უფალს, საჭიროების ჟამს მოგანიჭოთ კეთილმოსურნე სულიერი მოძღვარი, და შემდეგ უკვე თქვენი თხოვნის გარეშე იგი მანუგეშებელ სიტყვას გაუწყებთ. უფლის სული ასწავლის მას, რა და როგორ გითხრათ; თქვენ მისგან იმას გაიგებთ, რაც სულიერად გესაჭიროებათ და ღვთივსათნოა უფლისათვის და სულ მალე იგრძნობთ, რომ თქვენში უფლის მადლი დაივანებს...

ქრისტიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა ღირსეული მოძღვრის პოვნა, რომელიც უფლის წინაშე თავისი სამწყსოს სულიერი ცხოვრების პასუხისმგებლობას იტვირთავს, თვალყურს ადევნებს მის სულიერ ზრდას, უხელმძღვანელებს მისი ცხოვრების ყველა შემთხვევას და ამ ხელმძღვანელობით სათნოებების გზაზე დააყენებს, რომელსაც საუკუნო ცხოვრებაში მივყავართ.

ქრისტიანისთვის, რომელსაც სულიერი მოძღვარი ჰყავს, მის წინაშე მდგარი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის გზა სრულიად განსხვავებულია, ვიდრე „მიწიერი" ადამიანებისათვის, რომლებიც რწმენის გარეშე, ეკლესიის მიღმა ცხოვრობენ და ამიტომ ხშირად იბნევიან... როდესაც ასეთი არაეკლესიური ადამიანების წინაშე სხვადასხვა ცხოვრებისრული პრობლემები დგება, ისინი იძულებულნი არიან, გადაწყვიტონ ეს პრობლემები მარტო, უფლის დახმარების გარეშე; ასეთნი მხოლოდ თავიანთ საკუთარ გონებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ან ისეთივე ადამიანის რჩევებს ეყრდნობიან, როგორებიც თავად არიან: არაეკლესიური ხალხის. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში პრობლემები გადაუჭრელი რჩება, ან მათი გადაჭრა არანაკლებ პრობლემებს იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა უბედურების მიზეზი და პრობლემა თავად ურწმუნო ადამიანშია; ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ცოდვების შედეგად მისი სული უფლისგან განცალკევებულია და შინაგანი სულიერი ჰარმონია დარღვეული აქვს.

თუ ავტომობილის ძრავაში მანქანის ზეთის ნაცვლად მზესუმზირის ზეთს ჩაასხამთ, ის გაფუჭდება. თუ ნაძვის ხის ნათურას, რომელიც 12 ვოლტზეა გათვლილი, 220 ვოლტზე ჩართავთ, ის „გადაიწვება". იმიტომ, რომ ძრავისა და ნათურას შემქმენელებმა ისე შექმნეს ისინი, რომ წინასწარ გამოთვალეს თავიანთი ქმნილებებისთვის მუშაობის განსაზღვრული რეჟიმი, რომლის დარღვევაც მათ მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. ასევეა უფალიც, რომელმაც შექმნა კაცი, მისცა მას თავისი მცნებები როგორც ცხოვრების წესები, რომელთა აღსრულებითაც ადამიანი თავის სულს „ნორმალურ", ჰარმონიულ მდგომარეობაში ინარჩუნებს. თუ გონიერ ადამიანს ტელევიზორი გაუფუჭდა, იგი დასახმარებლად განსწვლულ ხელოსანს მიმართავს, ისეთს, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს ეს ტელევიზორი. უგუნური კი პირიქით - თავად დაიწყებს მიკროსქემაში ჩხირკედელაობას ან მეზობელს მოუხმობს, რომელიც სპეციალისტი კი არ არის, არამედ მხოლოდ ეხმარება პატრონს, კიდევ უფრო გააფუჭოს ტელევიზორი. ამის მსგავსად, „მიწიერი" ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცოდვების შედეგად ცხოვრებისრულ პრობლემენს ეჯახებიან, ცდილობენ, ისინი თავად გადაწყვიტონ ან უფრო უარეს გზას ეძებენ - ისინი მირბიან „მეზობლებთან" - ჯადოქრებთან, ექსტრასენსებთან, მკითხავებთან. შედეგი უკიდურესად სავალალოა. ქრისტიანს, რომელიც ცდილობს, დაიცვას უფლის მცნებები, სულიერი სიმშვიდე და სუფთა სინდისი აქვს, მის გარეგნულ ცხოვრებაში მომხდარი ამბები ვერ არღვევენ მის შინაგან ჰარმონიას, არამედ პირიქით, მისი სულის კიდევ უფრო მეტად სრულყოფას ემსახურებიან. ისევე, როგორც ცეცხლი და წყალი აწრთობს რკინას და მას სპილენძზე უფრო ძლიერს ხდის.

მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რაიმე ცხოვრებისეულ პრობლემას შეეჯახება, რჩევისთვის მოძღვართან მიდის, მან იცის, რომ იგი პასუხს თავის კითხვაზე არა უბრალოდ ჩვეულებრივი მოკვდავისგან ითხოვს, რომელიც თუნდაც მართალი და სულიერად გამოცდილი იყოს, არმაედ ღვთისგან, რომელიც ხედავს მის რწმენას და მოძღვრის მეშვეობით მას რჩევასა და კურთხევას აძლევს. როდესაც ქრისტიანი მოძღვრისგან რაიმე საქმეზე კურთხევას მიიღებს და არ დაეჭვდება მის სისწორეში, არამედ მას მორჩილად აღასრულებს, უფალი დაუყოვნებვლივ გაუწვდის ასეთ კაცს თავის მადლმოსილ დახმარებას. ეკლესია მამათა ბაგეებით გვაუწყებს: „მიანდე შენი გული სულიერი მოძღვრის მორჩილებას და უფლის მადლი დაივანებს შენში!"

წმიდა მამათა ამგვარი დარიგებების მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში სულიერი ცხოვრების დამწყები ქრისტიანისათვის მაინც ძალიან ძნელია მოძღვართან მისვლა. მას სჭირდება ისეთი სულიერი ხელმძღვანელი, რომელთანაც დაუფარავად აღიარებს ცოდვებს, ყოველგვარი ეჭვისა და მიწიერი სირცხვილის გარეშე გადაუშლის მას გულს. სწორედ ამიტომ ხშირად ასეთი ადამიანები სვამენ კითხვას: როგორ ვიპოვოთ კარგი სულიერი მოძვარი?

- ეკლესია ქრისტიანს ანიჭებს უფლებას, თავად ამოირჩიოს საკუთარი სულიერი დამრიგებელი. შესანიშნავია, თუ იგი გახდება მახლობელი ტაძრის მოძღვარი, მაგრამ, რადგან თითოეული ქრისტიანის სულის მოწყობილობა უკიდურესად ინდივიდუალურია, მოძღვრები კი ხასიათის მიხედვით, ასევე სულიერი გამოცდილებებითაც განსხვავებულები არიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოძღვრის პოვნა, რათა ქრისტიანსა და მის მიერ არჩეულ მოძღვარს შორის სულიერი კონტაქტი დამყარდეს, ურთიერთგაგება და სულიერი ნდობა წარმოიშვას. ასეთ დროს სულიერი ხელმძღვანელობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

აი, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მას, ვისაც სურს, შესაფერისი სულიერი ხელმძღვანელი იპოვოს:

თავდაპირველად მხურვალედ ილოცეთ უფლისადმი, სთხოვეთ მას, მოგანიჭოთ კეთილგონიერი და კარგი სულიერი დამრიგებელი. გახსოვდეთ: როგორც ითხოვთ, ისე მოგეცემათ. წადით უახლოეს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს ყურადღება მიაქციეთ მღვდლებს. შეეცადეთ, გულით იგრძნოთ, რომლის მიმართ უფრო მეტადაა იგი კეთილგანწყობილი. მიდით ამ მოძღვართან აღსარებაზე, მოინანიეთ ცოდვები, დასვით ყველა ის კითხვა, რომელიც გაწუხებთ (მხოლოდ შეეცადეთ, არ ილაპარაკოთ ამაოდ, არამედ გარკვევითა და ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე).

მიუხედავად იმისა ყურადღებით თუ გულგრილად, თანაგრძნობით თუ გულითადადაა განწყობილი თქვენდამი მღვდელი, თავად განსაზღვრეთ - მიანდობთ მას თქვენს პრობლემებს, თუ მხოლოდ რიგითი აღსარებით შემოიფარგლებით და შემდეგ სხვა მოძღვრის ძიებას განაგრძობთ?! მაგრამ თუ მიენდეთ მას და მისგან მიიღეთ რჩევა და კურთხევა, მაშინ წმიდად აღასრულეთ იგი, როგორც თავად უფლისაგან მოცემული სიტყვა და ნუ ირბენთ შემდეგ ერთი მოძღვრიდან მეორესთან თქვენთვის არმოსაწონი დარიგებების შეცვლის იმედად. ყველა მოძღვრის სახით თანაბრად მოქმედებს ერთი და იგივე ქრისტე და ამიტომ ორჯერ მიმართვა ერთი და იგივე საკითხით სხვადასხვა მოძღვრებთან, ცოდვაა (თუ, რა თქმა უნდა, თავდაპირველადვე თქვენ კონკრეტული კურთხევა მოგცეს, როგორ უნდა მოქცეულიყავით). მაგრამ ეს არ გაწყობდათ და წახვედით სხვა მოძღვართან, ეს არ არის მიზანშეწონილი.

თუ ახლომდებარე ტაძარში ვერ იპოვით მოძღვარს, რომელსაც თქვენი სულის ხელმძღვანელობას მიანდობთ, ნუ წარიკვეთთ სასოს, ნელ-ნელა, როდესაც ტაძარში უფრო ხშირ სიარულს დაიწყებთ, ურთიერთობაში შეხვალთ სხვა მართლმადიდებელ ქრისტიანებთანაც, გაიგებთ, რომელ ტაძარში რომელი მოძღვარი სარგებლობს მრევლის სიყვარულით და თქვენი შესაძლებლობები, რომ იპოვოთ სულიერი ხელმძღვანელი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მაგრამ თუ მორწმუნე ვერ აღმოაჩენს გამოცდილ მოძღვარს და ძალაუნებურად იმ მოძღვართან ივლის, რომელიც გარემოებათა გამო ახლო-მახლო იმყოფება, მაშინ უფალი მას ასეთი მორჩილებისთვის დაიფარავს.

დაბოლოს, მას, ვისაც სურს, იპოვოს სულიერი მოძღვარი, უნდა ახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „ითხოვდით და მოგეცემათ, ეძიებდით და ჰპოვოთ". მთავარია, არ შეწყვიტოთ გულმხურვალე ლოცვა და უფალი გამოგიჩენთ ღვთივსათნო მოძღვარს თქვენი სულის საცხოვნებლად.




წყარო: www.orthodoxy.ge
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 971 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა