ხუთშაბათი, 11.21.2024, 10:43 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » ცოდვამ მიჩვევა იცის, რასაც ცოდვით ტკბობამდე მივყავართ
2:19 PM
ცოდვამ მიჩვევა იცის, რასაც ცოდვით ტკბობამდე მივყავართ
ცოდვამ მიჩვევა იცის, რასაც ცოდვით ტკბობამდე მივყავართ

მამა გაბრიელ ჩადუნელი, ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვრის, წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. დიდი სულიერი შემართება, ღმრთისა და სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული მის ხასიათში იოლი შესამჩნევია. ვფიქრობ, მასთან ინტერვიუც საინტერესო გამოგვივიდა.

– მამა გაბრიელ, გვიამბეთ თქვენს შესახებ. მღვდლობამდე რა გზა გამოიარეთ?

– ბავშვობა გავატარე ხარაგაულის რაიონში, იქვე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, 1993 წელს. მოგესხენებათ, ეს ის პერიოდია, როდესაც ეროვნული მოძრაობა განსაკუთრებით გამძაფრებული იყო და ერიც ნელა–ნელა ღვთის გზაზე დგებოდა. პირველი აღსარება 1989 წელს ჩავაბარე. ჩემი პირველი მოძღვარი გახლდათ მამა ზაქარია ფერაძე, რომელიც ამჟამად პატრიარქის კურთხევით კვიპროსზე მსახურობს. ჩემი მშობლები და არა მარტო ისინი, მთელი მათი თაობა, ათეისტები იყვნენ. ამიტომ მათთვის მიუღებელი გახლდათ ახალი თაობის ღვთის გზაზე შედგომა. შესაბამისად, ჩემს არჩეულ გზაზე, მშობლების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. ბოლოს მათ მიაღწიეს თავისას და მე ეკლესიიდან პირდაპირ ქუჩაში აღმოვჩნდი. ადამიანი როცა ღვთის გზიდან გადაუხვევს, ის პირდაპირ ბოროტის კლანჭებში ექცევა. მეც ასე დამემართა. ღვთისგან ჩემი განდგომა იმით დასრულდა, რომ ციხეში აღმოვჩნდი. სწორედ ამ განსაცდელმა მიიყვანა დედაჩემი ეკლესიაში და მისმა ლოცვამ გამომიხსნა ჯოჯოხეთიდან. ეს იყო 1998 წლის 14 ნოემბერს, საიდანაც დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, როგორც "უძღები შვილის" ცხოვრება. მაშინ ჩემი ბავშვობის მეგობარი, ამჟამად დეკანოზი მირიან (მერაბ) რამიშვილი ახალი ნაკურთხი მღვდელი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სულიერ ფერისცვალებაში. მისი დახმარებით დავუბრუნდი ეკლესიის წიაღს და პირველი ზიარებაც მივიღე, სულმნათი მიტროპოლიტის, მეუფე კონსტანტინეს ხელით. შემდეგ გავხდი უბისის ტაძრის მგალობელი, სადაც წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი ვახტანგი (ექსეულიძე). მისი რეკომენდაციით, 2000 წელს ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში.

– მღვდლად კურთხევის დღეს როგორ გაიხსენებთ?

– სემინარიაში სწავლის პეროდში ჩემი მეგობარი მალხაზ გვარამაძე, ამჟამად დეკანოზი მიქაელი, აკურთხეს მღვდლად და ჩემი სურვილითა და მოძღვრის კურთხევით, ვინაიდან უბისაში ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებდი, მამა მიქაელი გახდა ჩემი სულიერი მამა. შემდეგ მისი კურთხევით გავხდი ყოვლადწმინდა სამების სახელობის პატარა ტაძრის სტიქაროსანი. 2008 წლის 22 ივნისს, რუის–ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ხელი დამასხა დიაკვნად, ქარელის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. დიაკვნობის პრაქტიკა ურბნისის საკათედრო ტაძარში უნდა გამევლო. სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ ერისკაცობაში, როდესაც მგზავრობისას, ურბნისის ტაძართან გავივლიდი, სურვილი მიჩნდებოდა, იქ სტიქაროსნად მემსახურა. უფლის წყალობით კი დიაკვნობიდან 2–თვენახევარში იქ მაკურთხეს მღვდლად. ტაძრის წინამძღვარი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი სასულიერო სემინარიიდან, დეკანოზი ლევანი (ტურძელაძე) და მასთან გავატარე ულამაზესი დრო დიაკვნად მსახურებისა. ომის პერიოდი იყო. ომი რომ დამთავრდა, 31 აგვისტოს, ისევ მეუფე იობმა მღვდლად დამასხა ხელი. ძალიან ტკბილი იყო ჩემთვის ის პერიოდი, ძლიერი შემართება მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს ზურგს უკან იდგა ადამიანი, რომელსაც ესმოდა, რას ნიშნავდა ეს ტვირთი. ეს გახლდათ ჩემი მეუღლე. ხელდასხმის დროს უხილავი ცეცხლოვანი მადლი გარდამოდის ადამიანზე. ფაქტობრივად, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადადიხარ. ეს დაუტევნელი განცდაა, მაგრამ ისევ სულიწმიდა გეხმარება და გაძლიერებს.

– გახსოვთ, რა განცდა ახლდა პირველი დამოუკიდებელი წირვის აღსრულებას?

– გამომდინარე იქედან, რომ დიაკვნობის პერიოდში ყოველდღე მიწევდა მსახურება, დამოუკიდებლად წირვის დაყენება არ გამჭირვებია, ეს იყო მღვდლად კურთხევიდან მესამე დღეს. ენითაღუწერელია ჩემთვის ის ემოცია, რაც წმიდა ტარიგის ამოღებისას დამეუფლა. სულ სხვა განზომილებაში ვიყავი. ვკვეთე სიმწინდე, რომელიც შემდგომ სულიწმიდის მადლით, უფლის ხორცად უნდა გარდაქცეულიყო. იმ მომენტში ამ სამყაროს არ ვეკუთვნოდი. ვუყურებდი მხოლოდ წმიდა სამკვეთლოს. არ ვიცი ის წუთები რამდენ ხანს გაგრძელდა. გონებაში ბრუნავდა ფიქრი, უფალო, გამაძლიერე, რომ მე ეს დავიტიო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, მე არ ვიყავი ხორციელი ადამიანი, იმდენად შევიგრძენი უფალი.

– მამაო, მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს დიაკვნის ხარისხი გქონდათ, თქვენ, თქვენი სურვილით გორში იმყოფებოდით მაშინ, როდესაც ქალაქი იბომბებოდა. ეს თქვენს მოვალეობად მიგაჩნდათ?

– მოგეხსენებათ, რომ ურბნისი გორთან საკმაოდ ახლოსაა და როდესაც გორი იბომბებოდა, სასულიერო პირები ავტომატურად აღმოვჩნით ეპიცენტრში. მისი უწმინდესობის ლოცვა–კურთხევით, ყველა მოქმედ ტაძარში ტარდებოდა ღამისთევის მსახურება და ჩვენც, რა თქმა უნდა, მის კურთხევას ვასრულებდით. დღისით გადავდიოდი გორში და როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი შეშინებულ ხალხს. სურვილი მქონდა, იმ დროს სამშობლოსთვის სიცოცხლეც გამეწირა. სამშობლო და ქრისტე ხომ განუყოფელია.

– იმ დროს მრავალმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა უფლის შემწეობის ძალა. თქვენ თუ გიხილავთ მსგავსი რამ?

– უფლის შემწეობას ჩვენ ყოველ წუთს ვგრძნობთ. ომის პერიოდში აღსრულებულ სასწაულებს, უშუალოდ ჩემს თავზე გადამხდარს ვერა, მაგრამ სხვების მონაყოლს გავიხსენებ. მე, პირადად შევხვდი ჯარისკაცს, რომელმაც ასეთი რამ მიამბო, საფარში რამდენიმე კაცი ვიყავით, ჩამოვარდა ბომბი, გონება დავკარგე და ვნახე ღვთისმშობელი, რომელმაც ჩემ გარდა ყველას თავზე გვირგვინი დაადგა, ცოტა მეწყინა, რომ მხოლოდ მე დამტოვა უგვირგვინოდ... გონს რომ მოვედი, აღმოჩნდა, მხოლოდ მე ვიყავი ცოცხლად დარჩენილიო. შევხვდი პიროვნებას, რომელმაც გორიჯვრის მხარეს გამოცხადებული უფალი იხილა. საინტერესოა, რაჭის მხარეს მომხდარი ისტორია. ჩვენი ბიჭები შეცდომით წასულან და მტერს პირდაპირ შეჩეხებიან. ჯგუფში ერთი სტიქაროსანი ყოფილა, რომლისთვისაც მეუფე ელისეს (ჯოხაძე), ომში გამგზავრების წინ, წმიდა გიორგის ხატი გადაუცია. მტრის პირისპირ რომ აღმოჩენილან, იმ ბიჭს წმინდანისთვის შემწეობა უთხოვია, რამდენიმე წუთში ისეთი ნისლი წამოსულა, რომლის მსგავსი არავის უნახავს. შეტაკებას ძალიან მცირე მსხვერპლი მოჰყოლია ჩვენი მხრიდან, რაც უდავოდ წმ. გიორგის შემწეობის შედეგია. რომ არა მებრძოლთა რწმენა და მხურვალე ვედრება, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, ისეთი ძლიერი შეტევა ყოფილა მოწინააღმდეგეთა მხრიდან.

– მამა გაბრიელ, სულ 2 წელია, რაც ღვთისმსახურის ჯვარს ატარებთ. რას ნიშნავს ეს 2 წელი თქვენთვის?

– ჩემთვის ესაა ულამაზესი 2 წელი. რადგან ვმსახურობ იმ დროს, როდესაც ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი ბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი ილია ||, ვარ იმ ეპარქიის მღვდელმსახური, რომლის მიტროპილიტიც მეუფე იობი (აქიაშვილი) გახლავთ... მღვდელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს "მღვდელი ხორცშესხმული სერაფიმია დედამიწაზე". მოძღვარი უნდა ცდილობდეს, რომ განსაცდელში მყოფი ადამიანი, რომელიც მას დახმარებისათვის მიმართავს, ღვთის შემწეობით, სწორ გზაზე დააყენოს.

– ამ ხნის განმავლობაში, სამღვდელო მადლის მოქმედებით გამოწვეული ცვლილება თუ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

– რაც ღვთისმსახური გავხდი, ვცდილობ, ყველაფერი სიმშვიდით მივიღო და სიმშვიდითვე შევხვდე ყოველგვარ განსაცდელს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ წილად, დანარჩენი კი უფალს მივანდოთ. და არა ისე, რომ უფლის იმედად, ჩვენ გულხელდაკრეფილნი დავსხდეთ.

– გვესაუბრეთ თქვენი მრევლის შესახებ. ვინ არის სულიერი სამწყსო თქვენთვის?

– სოფელ კეხიჯვარში, მე რიგით მე–4 სასულიერო პირი ვარ. ჩემამდე მამა ისაია, მამა დოროთე და მამა თეოდოსი მსახურობდნენ. მე მათ ნაკვალევზე მივედი. მათ დამიტოვეს მრევლი, ნაწილი დღესაც მათ აბარებს აღსარებას. თუმცა, უფლის წყალობით, ჩემთან დარჩნენ ის ადამიანები ვისთვისაც მე იქ საჭირო ვარ. ყოველ მსახურებაზე ტაძარი სავსეა. ნახევარი კვირა იქით ვარ, ნახევარი – აქეთ. მოგეხსენებათ, საკუთარი ოჯახიც მყავს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის, მაინც ისაა დიდი ოჯახი. ჩემმა მეუღლემ ეს კარგად იცის. ჩემი შვილები, უფლის წყალობით, ყოველ კვირას ეზიარებიან.

– მამაო, როგორ ფიქრობთ, ერის მოძღვარი, უპირველეს ყოვლისა, რა სათნოების მატარებელი უნდა იყოს?

– სასულიერო პირის ერთ–ერთი აუცილებელი ღირსება არის თავმდაბლობა. "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", გვმოძღვრავს უფალი. ამავე დროს, სასულიერო პირი უნდა იყოს მომთხოვნი, და არა მკაცრი. მე ვთხოვ უფალს, გამაძლიეროს თავმდაბლობასა და ღვთისმსახურებაში.

– მამა გაბრიელ, დიდი სულიერი შემართებით გამოირჩევით. ახლა იმის შესახებ გვესაუბრეთ, რა არ მოგწონთ დღევანდელ ცხოვრებაში?

– არ მომწონს ნაკლები სულიერება. ქართველ ერს მრევლად ჩამოყალიბება უჭირს. დღეს, ჩვენ გვყავს მორწმუნე ადამიანები და არა მრევლი. იცით, მრევლი ვინ იყო? 100 ათასზე მეტი ქართველი, რომლებიც ერთმანეთს იმედით აძლიერებდნენ, რომ სიწმინდეები არ შეელახათ. თუმცა, ჩვენი დღევანდელი სულიერი მდგომარეობა მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის, ეს წინა თაობის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა, ათეისტური პერიოდის ნაკვალევი. საერთოდ ასეა, ადამიანი ცუდს ძალიან იოლად ისისხლხორცებს და ძნელად განეშორება. ქართველებს არ გვეპატია ეკლესიათა ნგრევა, სიწმინდეთა შეურაცხყოფა, სასულიერო პირთა დახვრეტა. უფალმა ადამიანს სიცოცხლე სიცოცხლისთვის უბოძა. იმ სულით, რომელიც ჩვენში სიცოცხლედ ჩასახლდა, მარადიული სიცოცხლე უნდა მოვიპოვოთ და არა – სიკვდილი.

– თქვენი აზრით, ის მორწმუნე საზოგადოება, რომელსაც მრევლად ჩამოყალიბება უჭირს, ეკლესიის მიმართ რა დამოკიდებულებაში იმყოფება?

– იცით რა, ხალხში გაჩნდა ეკლესიის ფარისევლური სიყვარული. ბევრმა ნაწილობრივ იცის რჯულის კანონი, მათ აქვთ იმის კადნიერება, სხვასაც ასწავლოს, მაგრამ თავად არ ცხოვრობს ამ კანონის შესაბამისად. ხშირად გვესმის, ისეთი არაფერი, ყოველდღიური ცოდვები მაქვსო. რას ნიშნავს "ყოველდღიური" ან "გამოსასვლელი" ცოდვა? ეს ხომ არ არის სამოსი, რომელიც გაცვია ყოველდღე, ან დღესასწაულებზე? სად არის სინანული, და ცოდვათა განცდა? თუ ეს არ გაქვს, გამოდის, რომ ამპარტავანი ხარ. ყველამ ვიცით წმიდა მამის, ეფრემ ასურის სიტყვები: "მომმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა", მაგრამ რამდენად ვასრულებთ მათ? უფალი გვეუბნება რითაც განიკითხავ, იმითვე განიკითხებიო. ადამიანში, მოყვასში, სადაც ქრისტე უნდა დაინახო, ცუდს ხედავ. რატომ? იმიტომ, რომ შენ თავად ხარ იმ ცოდვის მატარებელი, რომელი ცოდვითაც სხვას განიკითხავ. გინდა შენ უფალი ნახო? ის შენს მოყვასშია. მას უყურე სიყვარულით და უფალს დაინახავ. იმიტომ რომ ყოველი ადამიანი უფლის ხატად და მსგავსადაა შექმნილი.

[color=#000066][b]– მამაო, ზემოთ მრევლის არასულიერება ახსენეთ. ამას, გარკვეულწილად, თავად სამღვდელო პირთა არასულიერებაც ხომ არ განაპირობებს?


– მრევლი უნდა იტევდეს იმას, რასაც სულიერი მოძღვარი ასწავლის. არცერთი სასულიერო პირი არ მიგითითებს ცოდვისკენ. პირიქით, გეუბნება არ ჩაიდინო და გიხსნის. ამბიონიდან ნაქადაგები სიტყვები ტაძრის გარეთაც ხომ უნდა გაგყვეს? ჩვენ ქრისტეს მხედრიონის წევრები ვართ. მრევლისგან მეტი გულისხმიერებაა საჭირო. მართლმადიდებლობა ხომ თავის გადადება და თავგანწირვაა. ხშირად ადამიანი აღსარებაში თავს იმართლებს. მინდა მოვუწოდო მათ, რომ აღსარება სინანულით და თავმდაბლობით თქვან. შელამაზებული ცოდვა ახალ ცოდვას ბადებს. ცოდვამ კი მიჩვევა იცის, რასაც ცოდვით ტკბობამდე მივყავართ. ამას თავმდაბლობით უნდა ვებრძოლოთ.

– საუბრის დასასრულს, მამა გაბრიელ, კიდევ რას ეტყვით მათ, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს?

– საუბრის დასასრულს, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უპირველს ყოვლისა, სიყვარული შეიყვარონ. სიყვარული თავად უფალია და უფალი ეძებონ ერთმანეთში. არ იფიქრონ იმაზე, რომ გაღებული მადლი, მიანცდამაინც ამ ცხოვრებაში უნდა დაუბრუნდეთ. აშენონ სახლი სასუფეველში. საკუთარ თავში თავმდაბლობა იპოვონ. თუ თავმდაბალი არაა ადამიანი, მას უფალთან სიახლოვე გაუჭირდება. ნუ მივეჩვევით "ყოველდღიურ" ცოდვებს, ყოველდღიურად სიყვარულს მივეჩვიოთ. უფალმა ჩვენ სიყვარულით გვშვა. მხოლოდ სიყვარულია ადამიანის ცხოვრების დევიზი. მინდა ქართველ ერს ვუთხრა, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და აუცილებლად გაბრწყინდება ჩვენი სამშობლო. ლოცვით, სინანულით და მარხვით უნდა დავუბრუნდეთ იმ ადგილს, საიდანაც წამოვედით. ჩვენ ზეციურ საქართველოში გველოდებიან და უნდა შევძლოთ, ჩვენი ღვაწლით ზეციურ საქართველოს შევუერთდეთ.

ეფემია წიკლაური
www.sana.ge
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1154 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა