ხუთშაბათი, 11.21.2024, 6:35 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » "უფალი თვითონ მიგვიყვანს იქ, სადაც საჭირონი ვართ"
2:49 PM
"უფალი თვითონ მიგვიყვანს იქ, სადაც საჭირონი ვართ"
"უფალი თვითონ მიგვიყვანს იქ, სადაც საჭირონი ვართ"
ღვთის მადლით, უახლოეს მომავალში, კიდევ ერთი უძველესი ქართული ეკლესია სიცოცხლის სუნთქვას შეიძენს და საუკუნეების მანძილზე, ნანგრევებად ქცეულ ნატაძრალზე აღდგენილ წმიდა სავანეში, წირვა–ლოცვა აღევლინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 55 კმ–ის დაშორებით მდებარე, სოფელ დავათის თავზე, ტყით დაფარულ მთის წვერზე მდებარეობს.

ცნობილია, რომ 1980–იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. როდესაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღდგენითი სამუშაოები განაახლეს, მალევე, 2003 წელს, სოფელში თბილისელი მღვდელი, წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მაქსიმე (ფაიქიძე) დასახლდა და ეკლესიის მშენებლობაზე ზრუნვაც იტვირთა. კომპლექსი დღეს უკვე დასრულებულია, ამჟამად ტაძრის გალავნის მშენებლობა მიმდინარეობს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველესი ეკლესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის ერთ–ერთ კედელში 1985 წელს, ტაძრის არქეოლოგიური შესწავლისას, მიკვლეულ იქნა სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა, ქართული ანბანის ერთ–ერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული. მეცნიერთა აზრით, დავათის სტელა შესრულებულია მე–4 საუკუნეში, 367 წელს და ესაა პირველი ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ასომთავრული წარწერით შემკული ქვასვეტის ნაწილი ახლა ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ეკლესიის განახლების შესახებ საუბარი, თავად ამ მადლიანი საქმის აღმსრულებელს, დეკანოზ მაქსიმეს (ფაიქიძე) ვთხოვეთ.

– მამა მაქსიმე, გვიამბეთ, როგორ მოხვდით დავათში, სადაც სახლი შეიძინეთ და დასახლდით კიდეც.

– მე და ჩემს მეუღლეს, თბილისის შემოგარენში, უფრო მთიან ადგილზე, გვინდოდა პატარა მყუდრო სახლი შეგვეძინა. ჩვენ ერთადერთი შვილი გვყავს გარდაცვლილი, სხვა არავინ დაგვრჩა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და ამ საქმეს მივუძღვნათ თავი. სხვა სოფლებში ვნახეთ ადგილები, მაგრამ არსად არ მოგვეწონა. მერე გაზეთში წავიკითხეთ, რომ სოფელ დავათში იყიდებოდა ადგილი. წავედით, დავათვალიერეთ და იქაურობა ძალიან მოგვეწონა. საოცარი სოფელია. ძალიან კარგი მდებარეობა აქვს. ირგვლივ ტყეა. მაშინ არ ვიცოდით და თურმე ხალხიც ძალიან კარგი ყოფილა, ალალი, წესიერი. ქურდობა და ღალატი იქ გამორიცხულია. სულ 120 კომლი ცხოვრობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაფერი დაგეკარგება. მიუხედავად იმისა, რომ მთის პირობებში დიდი შემოსავლები არ აქვთ, მაინც შრომითა და წვალებით ირჩენენ თავს და სხვისას არაფერს მიითვისებენ.

– სოფელში მდებარე ეკლესიის შესახებ იქაურებმა თვითონ გითხრეს?

– მაშინ იქ მდებარე ეკლესიის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. ჩემმა მეუღლემ იკითხა, სოფელში ტაძარი ხომ არ არისო და მერე გვიამბეს ეს ისტორია, რომ არსებობდა, დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ეკლესიის ნანგრევები, რომლის აღდგენაც სოფლის მაცხოვრებლებს ადგილობრივი ძალებით დაეწყოთ. დავინტერესდით, წავედით, დავათვალიერეთ ნატაძრალი და რადგან უკვე დაწყებული ჰქონდათ აღდგენა, გადავწყვიტე, რომ მისი მშენებლობის საქმეში მეც ჩავრთულიყავი. შემახვედრეს გია ოდიშელიძეს, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა. ძალიან კარგი ადამიანია. დავათში სახლი აქვს, მაგრამ ოჯახით დიღომში ცხოვრობს. მან მითხრა, ჯერჯერობით, რაც შევძელი, ეს არის, ნელ–ნელა მივყვები და რაც შემეძლება, გავაკეთებო. მშენებლობას აკონტროლებდა მაშინდელი კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველო. მათ გაუკეთებიათ პროექტი, სადაც ტაძრის ძველი სახე აღდგენილია და კარგად ჩანს, ძველი ტაძრიდან ნანგრევებში რა იყო დარჩენილი, რა უნდა მიმატებოდა და როგორ. იმ დღიდან ჩავერთე მეც და ორივენი ერთდროულად ვაკეთებდით, მე ჩემი სახსრებით, გია – თავისით. ეს იყო 2003 წელს. ჩემი სახლიდან ტაძრამდე ზუსტად 1 კმ მანძილია.

– პირველად, რა მდგომარეობაში დაგხვდათ ნატაძრალი, რა ნაგებობები იყო იქ გადარჩენილი?

– ტაძარი 3 ნავიანი ბაზილიკაა. ჩრდილოეთის ნავი უკვე აღდგენილი ჰქონდათ. ცენტრალური, ტაძრის მთავარი ნაწილი და სამხრეთის ნავი დანგრეული იყო. აღსადგენი იყო ასევე, კოშკიც, რომელიც თავიდან სამრეკლო გვეგონა. შემდეგ, როდესაც ეკლესიის ისტორიას გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ ის განდეგილი ბერებისთვის დასაყუდებელი კოშკი ყოფილა. 2 სართულიანია. მეორე სართულზე კიბით არის ასასვლელი, სადაც შეუძლია ადამიანს ლოცვად დადგეს. არქეოლოგების ვარაუდით, ტაძარი მე–6 საუკუნისაა და იმ დროიდან მოყოლებული, ეტყობა მრავალჯერ აღუდგენიათ. სავარაუდოდ, ტაძარი თემურ–ლენგის შემოსევების დროს რომ დანგრეულა, მას მერე არავის აღუდგენია. ამდენი ხნის მანძილზე, ნანგრევებს მიწა, ფოთლები რომ დაედო, ფაქტობრივად, ტაძარი დაფარული იყო და პატარ–პატარა კედლის ნაშთებიღა ჩანდა. არქეოლოგებს რომ გაუთხრიათ, 2 მეტრამდე მიწა შემოუცლიათ და საძირკველიც გამოჩენილა. საბოლოო დანგრევის შემდეგ, ტაძარი რომ ვერ აღუდგენიათ, იმავე ნატაძრალზე მიუშენებიათ პატარა ბაზილიკა, დარბაზული ტიპის ეკლესია, სულ 12 კვ. მეტრის, რომელსაც თავისი საკურთხეველი, ტრაპეზი, ყველაფერი ჰქონია, მაგრამ ისიც დანგრეული იყო. ამ ფონზე დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ინტენსიურად ვერა, რადგან ისეთი ადგილია, თუ სერიოზულად გაწვიმდა, მანქანა ვეღარ ადის. ტყის თიხნარი მიწაა და ტრანსპორტი ცურავს. მშრალში კი ყველანაირ მანქანას შეუძლია მისვლა.

– ამჟამად მშენებლობა რა ეტაპზეა?

– 2003 წლის მერე ვაშენებთ და დღეს უკვე ტაძარი დასრულებულია, უბრალოდ, დასუფთავებაღა სჭირდება. დასრულებულია ბერების სახლიც, სადაც შეიძლება ბერების ცხოვრება, თუმცა, კეთილმოწყობა და ტაძრის ირგვლივ გალავნის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რის შემდეგაც უკვე აშენდება კარიბჭე.

– ბერების საცხოვრებელი ახსენეთ, მონასტრის დაარსებასაც აპირებთ?

– მონასტრის დაარსების იდეა პატრიარქს ეკუთვნის. როგორც კი ეს საქმე დავიწყეთ, მივედი უწმინდესთან და ტაძრის მშენებელობის შესახებ ყველაფერი მოვუყევი. მან ძალიან გაიხარა და მითხრა, კარგი იქნება, მანდ რომ მამათა მონასტერი დაარსდეს და თუ საშუალება არის, ქვემოთ, სოფელში – დედათა მონასტერიო.

– დედათა მონასტრის მშენებლობაც უკვე დაგეგმილია?

– დედათა მონასტრის მონაზვნების საცხოვრებელი დამთავრებულია. ტაძრის მშენებლობას მომავალი წლიდან ვაპირებთ. გვინდა, კვეტერას ტაძრის ასლი გავაკეთოთ. დედათა მონასტრიდან, ღვთისმშობლის ტაძართან, სადაც მამათა მონასტერი იქნება, გზა ადის. მათ შორის მანძილი, დაახლოებით, 1 კმ–ია. მეუფის გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის ტაძარი სოფელსაც მოემსახურება. ერთი მხრიდან დედებისთვის იქნება კარგად მისადგომი, მეორე მხრიდან სოფლის მოსახლეობა შემოვა ტაძარში და წირვა–ლოცვას დაესწრება. განსაკუთრებით დიდი ძალა აქვს პატრიარქის კურთხევას. მისი კურთხევით დაგვირგვინდა ეს ყველაფერი, თორემ შეიძლებოდა, მშენებლობა 15 წელიც ვერ დასრულებულიყო.

– ადგილობრივი ეპარქიის მიტროპოლიტს რა შთაბეჭდილება დარჩა, როდესაც ეკლესია–მონასტრის მშენებლობა მოინახულა?

– ჩემს იქ ყოფნაში, შარშან, პირველად ამობრძანდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე (შიოშვილი) და აღფრთოვანებული დარჩა, ძალიან გაიხარა, მოეწონა ყველაფერი. პარაკლისი გადაიხადა, დაგვლოცა და მისი კურთხევით, მშენებლობის ტემპიც გაიზარდა.

– ტაძრის კურთხევის დღე თუ არის დადგენილი?

– კურთხევის დღე ჯერ არაა დადგენილი. უახლოეს ხანებში შევხვდებით მეუფეს და გაირკვევა, როდის იქნება ტაძრისა და მონასტრის კურთხევა.

– მშენებლობის ხარჯები ვინ გაიღო? ალბათ, ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.

– ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სერიოზული ხარჯები გაეღო. ერთადერთი, ნუგზარ მაღალაშვილია, ოჯახით გერმანიაში წასული, რომელმაც 500 დოლარი გამოგზავნა ეკლესიისთვის. ჩემი ახლობლებიდან არიან ისეთები, ვინც სერიოზული თანხები გაიღეს, მაგრამ მათ არ სურთ ვინაობის გამხელა. ასევე აქაური მრევლი, ეკლესიაც მეხმარებოდა. რამდენჯერმე მომიგროვეს თანხა, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა. საკუთარი ხარჯებით, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რობერტი ოდიშელიძემ 2 ფუთიანი ზარი ჩამოასხმევინა, რაც დიდი შემოწირულობაა. ძალიან კარგი ზარია. სხვებმა, მაღალაშვილებმა, ნიკა ოდიშელიძემ, ჩემმა კარის მეზობელმა ხატები შემოსწირეს ტაძარს. ასევე, გოგონებმა თამარმა და ნანამ დააწერინეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ყველა ცდილობს, ტაძარს რაღაცით შეეწიოს. ღმერთმა ყველას შეუწიროს და წყალობა და მადლი მისცეს. მშენებლობაში, ფიზიკურ მონაწილეობას, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა. მუშებისთვის, შეძლებისდაგვარად, საჭმელიც მოჰქონდათ იქაურებს. თბილისიდან მარტო ხელოსნები მიმყავდა. ქვის დაწყობას თავისებური წესი აქვს. იმ რაიონში, საუკეთესო ქვის დამწყობი არის ილია ჩოლიაშვილი, სოფელ ბულაჩაურიდან, რომელმაც დაამთავრა ტაძარი, მაგრამ მხედველობის გამო, გალავანზე და სხვა ნაგებობებზე მუშაობა ვეღარ შეძლო და ახლა მის მაგივრად თბილისიდან წაყვანილი ხელოსანი მუშაობს.

– ტაძრის აღდგენა–განახლება რა მასალით მოხდა?

– როგორი ქვითაც იყო ნაშენები ძველი ტაძარი, ისეთივე მოზრდილი რიყის ქვებით დავასრულეთ მისი მშენებლობა. გალავანიც, რომელიც 150 მეტრი სიგრძისაა, ისეთივე ქვით კეთდება.

– მამა მაქსიმე, ლაფანაანთკარის საკრებულოში, საუკუნეების მანძილზე არცერთ სასულიერო პირს არ უმოღვაწია. თქვენ ბრძანდებით პირველი ღვთისმსახური, ვინც იმ ხეობაში ფეხი დაადგა და ღმრთის მადლით, მალე პირველი ტაძარიც ამოქმედდება. საინტერესოა, ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა სასულიერო პირის გამოჩენას?

– აღფრთოვანებით. ძალიან უხარიათ, რომ მათთან სასულიერო პირი დასახლდა. მათ აქვთ საოცარი რწმენა. შეიძლება, კლასიკური გაგებით, ეკლესიურები ვერ იყვნენ, მაგრამ თავისებურ პატივისცემასა და კრძალულებას გამოხატავენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისადმი. მის სიახლოვეს, ირგვლივ, დაახლოებით 1 კმ–ს რადიუსში, რაც არ უნდა გაუჭირდეთ, ხეს არ მოჭრიან. იციან რომ ეკლესიის ტერიტორიის სიახლოვეს ხე არ უნდა მოჭრან. თავისებურად პატივს მიაგებს ტაძარს. გარდა ამისა, 21 სექტემბერს, ტაძრის დღესასწაულზე, ღვთისმშობლობას, ამ სოფლიდან ვინც კი წასულა, ზოგი ქართლში ცხოვრობს, ზოგი – კახეთში, ყველა მოდის და დღესასწაულს იქ აღნიშნავს. შესაწირს გაიღებენ, საკლავს კლავენ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს გულითა და სულით აკეთებენ. ტაძრიდან მოშორებით მაგიდებია გაწყობილი, სადაც კულტურულად ტრაპეზობენ. მონასტრის გახნის მერეც არავინ დაუშლის ამას. ეკლესია არ კრძალავს, დღესასწაულზე დღესასწაულობაა საჭირო. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ იქ ან ჩხუბი მომხდარიყოს, ან ვინმე დაეჭრათ. ადგილობრივ მოსახლეობას ერთი სული აქვს, როდის გაიხსნება ტაძარი. ისინი მოწყურებულები არიან წირვა–ლოცვას. ბევრნი არიან მოსანათლები და ჩვენც, ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

– გამომდინარე იქიდან, რომ ტაძარი ჯერ არ არის გახსნილი, საღმრთო საიდუმლოებებს ვერ აღასრულებთ?

– სანამ ტაძარი არ ეკურთხება ნათლობასა და ჯვრისწერას ვერ ვასრულებთ. ისე, მეუფე ზოსიმესგან მაქვს კურთხევა, ადგილობრივი მაცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში, ვაკურთხო სახლები, გადავიხადო პარაკლისები და პანაშვიდები. რამდენიმე შემთხვევა მქონდა კიდეც სახლის კურთხევისა. საფლავიც მაკურთხებინეს. წესის აგებაზეც დამიძახეს ოჯახში, სადაც პანაშვიდიც გადავიხადე.

– მამაო, იმ წმიდა ადგილას ლოცვისას, ალბათ, განსაკუთრებული მადლიც იგრძნობა.

– როცა იქ ვარ, ჩემთან სახლში, პარაკლისს და პანაშვიდს ყოველდღე ვიხდი. კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისს ვატარებთ, თვითონ დედაღვთისმშობელი ბრძანდება იქ და ის შეგვეწევა. მეუფე რომ ამობრძანდა, დადიოდა და ამბობდა, დედა ღვთისმშობელო, რამდენი ხანი გველოდი, რომ აქ მოვსულიყავით და ტაძარი აღგვედგინაო. 500 წელია, იქ წირვა არ ყოფილა. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ ნანგრევებსა და ტაძარში რამდენი მადლია დავანებული. უწმინდესი ამიტომ ეუბნება ყველას, ამხელა ტაძრების აგება კარგია, მაგრამ უმჯობესია, აღვადგინოთ ძველი, სადაც ჩვენს წინაპრებს ულოციათ და მათი დიდი მადლი ტრიალებსო.

– ეკლესიის გახსნაზე პატრიარქიც მობრძანდება?

– ტაძრის გახსნაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიპატიჟებთ უწმინდესს, მაგრამ თვითონ როგორც შეძლებს, ისე მოიქცევა.

– ტაძრის კურთხევის შემდეგ, იქ საეკლესიო ცხოვრებას თქვენ უხელმძღვანელებთ?

– ეს საკითხი, საბოლოოდ, მიტროპოლიტ ზოსიმეს კურთხევით გადაწყდება. თუმცა, მე რომც არ დამნიშნონ ეკლესიის წინამძღვრად, იქაურობას ყურადღებას მაინც არ მოვაკლებ და რაც დაჭირდებათ, ყველანაირად დავეხმარები.

– მამა მაქსიმე, მაინც, როგორ აფასებთ ამ ფაქტს, რომ ისეთ ადგილას მოგიწიათ დასახლება, სადაც უძველესი ეკლესია–მონასტრის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცათ?

– უფალი თვითონ მიგვიყვანს იქ, სადაც საჭირონი ვართ. მთავარია დავემორჩილოთ მის ნებასა და განგებულებას. ვერ ვიტყვი, რომ ღმერთმა მე გამომირჩია–მეთქი, მაგრამ ზოგადად, ყოველი ადამიანი რაღაც ღვაწლისთვისაა გამორჩეული. ჩემს მხრებზე ამ საქმის აღება და ტვირთვა, რა თქმა უნდა, უფლისგან უდიდესი მადლი და წყალობაა, ამისთვის ვმადლობ ღმერთს. იმაში დარწმუნებული ვარ, როდესაც იქ წირვა–ლოცვა ჩატარდება, მთელს საქართველოს მადლი და წყალობა დამატებით მოეფინება, რადგან ის არის უძველესი და ძალიან მადლიანი ადგილი. აღნიშნული ტაძარი ერთ–ერთი უძველესია საქართველოში და თან ასეთი მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, არქეოლოგიური გათხრებისას, იქ აღმოჩნდა სტელა, ასომთავრული წარწერით შემკული ქვა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთ–ერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული. მთავარანგელოზებს, მიქაელს და გაბრიელს ხელთ უპყრიათ ეტრატი, რომელზეც შესრულებულია 37 ასოიანი ქართული ასომთავრული ანბანი. არქეოლოგების განმარტებით, ესაა ქვაში გამოხატული, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა.


www.sana.ge
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1188 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა